მოქალაქის თქმით, საგარეჯოში ცენტრალურ საავტომობილო გზასთან ნაწამები ცხოველის ნეშტი იპოვა. ინფორმაცია ამის შესახებ პირველად რეგინფომ გაავრცელა. მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ ნაპოვნი ცხოველი, სავარაუდოდ ძაღლია და მას ფეხები აქვს მოჭრილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, On.ge-ს უთხრეს, რომ პოლიციაში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო ფაქტის შესწავლა. მათივე თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხვები.

მიმდინარე წლის მაისიდან ცხოველების წამებაზე სასჯელი გამკაცრდა და სისხლის სამართლის წესით ისჯება.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქციით, ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობა, რასაც მათი დაღუპვა ან დასახიჩრება მოჰყვა, აგრეთვე ცხოველებისა და ფრინველების წვალება იწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.

ცვლილების მიხედვით, ცხოველის მოკვდინების შემთხვევა ჩაითვლება საქართველოს სისხლის სამართლის დანაშაულად და ადმინისტრაციული კოდექსი აღარ დაარეგულირებს.