მედიის განვითარების ფონდის (MDF) კვლევის მიხედვით, ანტისაოკუპაციო აქციის თემაზე სოციალურ ქსელებში ტროლები აქტიურობდნენ. კვლევამ 32 სახელისუფლებო და 7 პრორუსული და სიძულვილის ჯგუფის წარმომადგენელი ტროლი გამოავლინა. ფონდი განმარტავს, რომ ტროლები ანტისაოკუპაციო აქციის პრაიდად და გეი რევოლუციად წარმოჩენას ცდილობდნენ, ასევე აქციას ნეგატიურ კონტექსტში უკავშირებდნენ ნაციონალურ მოძრაობას და ლიბერალურ ჯგუფებს.

ფოტო: MDF

ფოტო: MDF

კვლევის ანგარიშის მიხედვით, სახელისუფლებო ტროლებიდან 18 სხვის იდენტობას იპარავს, ხოლო 14 საკუთარ ვინაობას მალავს. ტროლების უმეტესობა რუსული სოციალური ქსელის Vkontacte-ს პროფილებს იყენებს. 32-დან 16 ტროლს მოწონებული აქვს ხულოს და ზუგდიდის სხვადასხვა საარჩევნო უბნების ფეისბუქგვერდები. გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, სახელისუფლებო ტროლები ძირითადად იწონებდნენ ქართული ოცნების მხარდამჭერ პარტიულ, ასევე ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ შექმნილ ფეისბუქგვერდებს.

"გამოიკვეთა ორი ტიპის სახელისუფლებო ტროლები: ერთი ნაწილი ღიად იყო ჩართული ანტისაოკუპაციო პროტესტის წინააღმდეგ კამპანიაში და თავიანთ მოსაზრებებს საკუთარ გვერდებზე გამოხატავდა. მეორე ნაწილი კი უფრო მხარდამჭერი ტროლების კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც ქართული ოცნების ხელისუფლების, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა მინისტრის ცალკეულ ინიციატივებს ან ალაიქებს, ან მათთან დაკავშირებულ სიახლეებზე და პოსტებზე მხარდამჭერ კომენტარებს ტოვებენ", — წერია კვლევაში.

ფოტო: MDF

ფოტო: MDF

სახელისუფლებო ტროლები მეტ ყურადღებას უთმობდნენ ანტისაოკუპაციო აქციის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად, რევოლუციად წარმოჩენას. კვლევის ანგარიშის მიხედვით, ტროლები ცდილობდნენ მანიპულირება მოეხდინათ ქრისტიანობით, ასევე ჰომოფობიური კონტექსტის შექმნით (გახარია არ მოსწონთ ლიბერალებს იმის გამო, რომ ის გარყვნილებისგან გვიცავს). ორივე ჯგუფის ტროლები ცდილობდნენ შიშის დათესვავს რუსეთის მიმართ ომისა და ეკონომიკური სანქციების დაწესების მხრივ.