საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2019 წლის სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის დედაენა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვარიანში, განაცხადა.

მისივე თქმით, იაკობ გოგებაშვილის ეპოქაში ქართული ენა დიდი გამოწვევის წინაშე იდგა და ქართველმა პატრიოტებმა შეძლეს და შექმნეს წიგნი, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას.

"როდესაც იაკობ გოგებაშვილი თავის წიგნს წერდა, მას სწორედ ეს განზრახვა ჰქონდა, რომ ეს წიგნი გადასცემოდა თაობიდან თაობას, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა ყველაზე წმინდა — ჩვენი ენა და ანბანი. შემდეგ მთელი ქართული განათლების სისტემა დაეფუძნა სწორედ იაკობ გოგებაშვილის დედა ენის პრინციპებს და ეს წიგნი თითოეული ქართველისთვის არის წმინდა და სათაყვანებელი", — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, უპასუხისმგებლო ადამიანების მოქმედების შედეგად იაკობ გოგებაშვილის დედაენა ამოიღეს სასწავლო პროგრამიდან, რამაც საზოგადოების სამართლიანი და ობიექტური გულისწყრომა გამოიწვია.

"მაშინდელი ეპოქისთვის და მაშინდელი პატრიოტებისთვის წერა-კითხვის გავრცელება იყო ეროვნული იდეა. ისინი სწორედ წერა-კითხვის გავრცელებაში ხედავდნენ ქართველი ერის გადარჩენას. დღეს ჩვენც გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის განათლება", — განაცხადა პრემიერმა.

იაკობ გოგებაშვილის დედაენა სკოლებში 2019-2020 სასწავლო წლიდან ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება. გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა მიიღო. 15 ივლისს ვარიანში, სწორედ, ადაპტირებული დედაენის პრეზენტაცია გაიმართა.

სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია საქართველოს პარლამენტის ინიცირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით შექმნილმა ექსპერტთა სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა.

ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა, ხოლო ეროვნული კატეგორია 2014 წელს განესაზღვრა.

ამავე თემაზე: