ქალთა მოძრაობა სექსისტური და შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან ონიანის გადაყენებას და ქართული ოცნებიდან მის გარიცხვას ითხოვს.

11 ივლისს TV პირველის ინგა გრიგოლიას გადაცემა რეაქციის სტუმარი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია იყო. ონიანმა კომენტარი "ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის" იმ პოსტზე დაწერა, რომელიც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მისამართით იყო დაწერილი. ონიანი ამტკიცებდა, რომ ეს კომენტარი სხვა ინგაზე დაწერა.

რამდენიმე დღის შემდეგ ონიანმა "ინგაზე" კომენტარის გამო ბოდიში მოიხადა. გარდა ამისა, მან ბოდიში მოუხადა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასაც, თუმცა ირწმუნება, რომ სხვა ინგას გულისხმობდა.

ქალთა მოძრაობა გრიგოლიას სოლიდარობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ბოდიში ადამიანის პერსონალური მორალური პასუხისმგებლობაა და არა პოლიტიკური.

"ჩვენთვის შემაშფოთებელია, რომ სექსისტრური, ძალადობრივი და დისკრიმინაციული დამოკიდებულებები არაერთხელ გამოუვლენიათ მმართველი პარტიის, ქართული ოცნების სხვადასხვა თანამდებობის პირებს, მაგრამ პარტიის მხრიდან ამას სათანადო რეაგირება არასოდეს მოჰყოლია და თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც მსგავს დამოკიდებულებებს ავლენენ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ დაუკისრებიათ", — აღნიშნულია მოძრაობის განცხადებაში.

ქალთა მოძრაობაში ამბობენ, რომ ქვეყანაში სექსუალური ძალადობის მაღალი სტატისტიკის ფონზე საჯარო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის წამახალისებელი განცხადებები საფრთხის შემცველია. მათივე თქმით, მსგავსი განცხადებები რეაგირების გარეშე დატოვება.

"მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში, სადაც გაცხადებულია გენდერული თანასწორობის პოლიტიკა და დემოკრატიული განვითარების კურსი, ლევან ონიანის მსგავსი შეხედულებების მქონე ადამიანები, არ უნდა იკავებდნენ თანამდებობებს", — ნათქვამია განცხადებაში.