ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და დეპუტატი ნიკა მელია გამოეხმაურა ევროპული საქართველოს წევრების ოთო კახიძისა და გიგა ბოკერიას განცხადებას. კახიძემ და ბოკერიამ 20 ივნისს ნიკა მელიას მოწოდებებს უპასუსიხსმგებლო უწოდეს.

როგორც დეპუტატი ნიკა მელია ფეისბუქზე წერს, ისრების გადატანა არასწორია და მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს. მისი თქმით, მაშინ, როცა საარჩევნო პერიოდი არაა და ერთმანეთის პირადაპირ კონკურენტებს არ წარმოადგენენ, "პარტნიულ კბენებზე" მაღლა უნდა დადგნენ და მათი განცხადებები "ბანს არ უნდა აძლევდეს და ექოსავით არ უნდა იმეორებდეს იმას, რასაც ეს ხელისუფლება გაიძახის".

"ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ცალკე მწვადის, ცალკე შამფურის გაფრთხილებაში, თეთრი ხელთათმანები არ გაგვემუროს... დიახ, უწყვეტი კადრების გამოქვეყნების შემდეგ, ხელისუფლებას პროპაგანდა დაენგრა და ჩემს დასაჭერად სხვა საყრდენებს ეძებს და სამწუხაროა, რომ ჩემი კოლეგები, თავისი განცხადებებით ამ შემთხვევაში მაშველ რგოლებად (იმედია და მჯერა მართლაც უნებლიეთ) ევლინებიან ბიძინას რეჟიმს", — აღნიშნავს დეპუტატი.

ოთო კახიძემ განაცხადა, რომ 20 ივნისს ნიკა მელიას განცხადებები პოლიტიკური ლიდერისთვის "უპასუხისმგებლო და პროვოკაციული" იყო. ამის გამო ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ბარამიძე ევროპული საქართველოსგან ითხოვს, რომ კახიძის განცხადებაზე განმარტება გააკეთოს — ემიჯნება თუ არა დეპუტატის ნათქვამს.

ოთო კახიძის მოსაზრებას იზიარებს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერიაც. ამავე დროს, აღნიშნავს, რომ მელიასთვის წაყენებული ბრალი "სრული აბსურდია".

ნიკა მელიას საქმე

პროკურატურა მელიას პატიმრობას 20 ივნისის აქციის საქმეზე ითხოვს. კერძოდ, დეპუტატს ბრალი აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წაუყენეს.

უწყება აცხადებს, რომ მელია მოუწოდებდა დემონსტრანტებს პარლამენტში შეჭრილიყვნენ. მელიას კი ამბობს, რომ არ მოუწოდებია და პარლამენტში შესვლაზე კითხვა დასვა.

27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ მას სხვა შეზღუდვების დაუწესა:

  • საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
  • დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე არც დაცვის და არც ბრალდების მხარის სარჩელი არ დააკმაყოფილა და საქალაქო სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვები ძალაში დატოვა. ამავე განჩინებით, მელიას შეზღუდვის ახალი სახე ელექტრონული მონიტორინგი დაემატა.