ევროპული საქართველოს წევრი და პარლამენტის დეპუტატი, ოთო კახიძე ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელიას "უპასუხისმგებლო განცხადებაზე" კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს. როგორც დეპუტატი ფეისბუქზე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, 20 ივნისის ღამეს მელიას ძალადობისკენ არ მოუწოდებია, თუმცა მისი განცხადება "პოლიტიკურად უპასუხისმგებლო" იყო.

"მიზანშეუწონელი, შეცდომა და არასწორი საქციელი ლიდერის მხრიდან. როგორც მინიმუმ, ხელისუფლებას ამით მისცა საბაბი, რომ ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებებში დაედანაშაულებინა. პარლამენტში მომიტინგეების "მშვიდობიანად" "ხელაწეული" შესვლის მოწოდება მისაღებია? და ამას ვინც არ ეთანხმება, ბიძინას მოსყიდულია?" — წერს კახიძე.

ის ემიჯნება მსგავს "უპასუხისმგებლო მოწოდებებს". მისივე თქმით, ე.წ. გავრილოვის ღამის მოწყობაში ბიძინა ივანიშვილია დამნაშავე, ხოლო მელიას განცხადება უპასუხისმგებლო შეცდომა იყო:

"მე, თუ გინდა, თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად, ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად".

ოთო კახიძემ მსგავსი შინაარსის პოსტი 13 ივნისსაც დაწერა. ამის გამო ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ბარამიძე ევროპული საქართველოსგან ითხოვს, რომ კახიძის განცხადებაზე განმარტება გააკეთოს — ემიჯნება თუ არა დეპუტატის ნათქვამს.

ოთო კახიძის მოსაზრებას იზიარებს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერიაც. ამავე დროს, აღნიშნავს, რომ მელიასთვის წაყენებული ბრალი "სრული აბსურდია".

ნიკა მელიას საქმე

პროკურატურა მელიას პატიმრობას 20 ივნისის აქციის საქმეზე ითხოვს. კერძოდ, დეპუტატს ბრალი აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წაუყენეს.

უწყება აცხადებს, რომ მელია მოუწოდებდა დემონსტრანტებს პარლამენტში შეჭრილიყვნენ. მელიას კი ამბობს, რომ არ მოუწოდებია და პარლამენტში შესვლაზე კითხვა დასვა.

27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ მას სხვა შეზღუდვების დაუწესა:

  • საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
  • დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე არც დაცვის და არც ბრალდების მხარის სარჩელი არ დააკმაყოფილა და საქალაქო სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვები ძალაში დატოვა. ამავე განჩინებით, მელიას შეზღუდვის ახალი სახე ელექტრონული მონიტორინგი დაემატა.