საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ამერიკიდან ორი ქართველი ემიგრანტის, ალექსანდრე მანველიშვილისა (1904-1997) და ვალერი ჭალიძის (1938- 2018), დისიდენტური არქივები მიიღო. ორივე არქივი სრულად წარმოადგენს ორივე ემიგრანტის პირად ბიბლიოთეკას, ცხოვრებისეულ ინტერესებსა და სამუშაო მასალებს.

ალექსანდრე მანველიშვილი და ვალერი ჭალიძე დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც და ამერიკაშიც არ წყვეტდნენ მუშაობას ქვეყნის გათავისუფლებისა და სამშობლოში დარჩენილთა დახმარებისთვის. ორივე ქართველი, სხვადასხვა პერიოდში, აქტიურად იყო ჩართული დისიდენტურ და განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ალექსანდრე მანველიშვილი პირადად ხელმძღვანელობდა ქართული ემიგრაციის პირველი ტალღის გამოცემებს, ხოლო ვალერი ჭალიძე დასავლეთ ევროპასა და სამშობლოში გამოსცემდა საბჭოთა კავშირში ადამიანთა უფლებების რეალური მდგომარეობის ამსახველ, აკრძალულ მასალებს. ორივე ემიგრანტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გარდაიცვალა.

არქივების გადმოგზავნაზე მუშაობა ამა წლის იანვარში ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლების, გიორგი კეკელიძის, ლევან თაქთაქიშვილისა და მაია სიმონიშვილის ამერიკაში ვიზიტის დროს ალექსანდრე მანველიშვილისა და ვალერი ჭალიძის მემკვიდრეებთან შეთანხმებით დაიწყო და დღეს, 12 ივლისს რეალური შედეგით დასრულდა. ქართველ ემიგრანტთა არქივების საერთო მოცულობა 985 კილოა.

"ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობა ქართველ ემიგრანტებთან. მით უმეტეს, მალე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობები ამერიკაში მოღვაწე ქართველ ემიგრანტებთან ან მათ შთამომავლებთან. მანველიშვილისა და ჭალიძის არქივების ჩამოტანა ამ ყველაფრის გამოხატულებაა. არქივების გადმოცემისთვის ამ მოღვაწეების ოჯახებს (პეტრე მანველიშვილსა და ლიზა ჭალიძეს) ვუხდით დიდ მადლობას", — აღნიშნა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.