საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დამნაშავედ არის ცნობილი სერგო თეთრაძის წამების და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზების ეპიზოდებში, დავით ლონდარიძის წამების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში თანამონაწილეობის ეპიზოდებში.

ასევე, ძალაში დარჩა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის მიმართ, რომელიც დამნაშავედ არის ცნობილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დახმარების და სამსახურებრივი სიყალბის ეპიზოდში.

ე.წ სერგო თეთრაძის საქმე

პროკურატურის განცხადებით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2011 წლის სექტემბერში ახალაიამ "წარმატებული ხელმძღვანელის სახელის მოპოვების მიზნით" სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს დაავალა უდანაშაულო მოქალაქეთა დაკავება და აღიარებითი ჩვენებების მიღება წამების გზით, თითქოსდა ისინი რუსეთის სასარგებლოდ "ჯაშუშობდნენ".

2011 წლის სექტემბერში სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი დავით ლონდარიძე, მასთან ერთად ე.წ. ჯაშუშობაში მხილებული, თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და კიდევ ორი პირი. პროკურატურის განცხადებით, ახალაია და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, მათ რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდნენ.

სერგო თეთრაძემ დანაშაული არ აღიარა. როგორც უწყებაში ამბობენ, ამის გამო ახალაიამ, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მოადგილესთან და გლდანის №8 საპყრობილის დირექტორთან ერთად ის აწამეს და სექსუალურად იძალადეს. თეთრაძე მასზე განხორციელებული წამების შედეგად ცუდად გახდა და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული გეგმისთვის სამართლებრივი ნიადაგის შესაქმნელად, ახალაიამ ძველი რიცხვით დანიშნა მისივე ბრძანებით სამსახურიდან გათავისუფლებული გამომძიებლები, რათა მათ ეწარმოებინათ საგამოძიებო მოქმედებები.

პროკურატურის თქმით, 2011 წლის სექტემბერში "ჯაშუშობის" საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 60 000 ლარი. მათივე თქმით, აღნიშნულმა პირმა ახალაიას და მისი მოადგილის დახმარებით ძველი რიცხვით შეიქმნა ყალბი დოკუმენტები, სადაც დაფიქსირდა, რომ ეს თანხა კონფიდენტებზე, ე.წ "ჯაშუშებზე" ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ გაიცა.

ახალაია მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა", "ბ", "ე" და "ზ" ქვეპუნქტებით; 25,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ", "გ" და "ზ" ქვეპუნქტებით; 141-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა", "ბ", "ე" და "ზ" ქვეპუნქტებით; 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 341-ე მუხლით და 25, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. თითოეულ საქმეზე ახალაიას სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. საბოლოო ჯამში, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლისა და ამნისტიის შესახებ კანონით, სასჯელის სახედ და ზომად ახალაიას განესაზღვრა 9 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება

ძიმცეიშვილი კი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 341-ემუხლი. მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეუმცირდა ამნისტიის აქტით და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნით თანამდებობის დაკავების უფლება.

აღნიშნულ საქმეზე უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და მსჯავრდებულები არიან სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე, №8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი, ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი და რეჟიმის განყოფილების უფროსი. თითოეულს სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.