ზაფხულის შვებულებების პერიოდი დგება და ჩვენც მოგზაურობებისთვის ვემზადებით. მანქანით, ავტობუსით, მატარებლით თუ თვითმფრინავით მგზავრობის დროს შესაძლებელია დრო ნაყოფიერად გავატაროთ და ერთი მგზავრობის დროს, რამდენიმე წიგნიც კი წავიკითხოთ.

ამ სტატიაში გთავაზობთ თხელტანიან, მაგრამ ღირებულ ლიტერატურას, რომლის გაცნობაც ტექსტის სიმცირის გამო სწორედ ერთი მგზავრობის დროს შეგვიძლია.

1. რეიმონდ კარვერი - რაზე ვლაპარაკობთ, როდესაც სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე

ფოტო: გამომცემლობა დიოგენე

ამერიკელი მწერლის და პოეტის რეიმონდ კარვერის მოთხრობების ეს საკულტო კრებული ლიტერატურის ყველა მოყვარულისთვის კარგად ნაცნობია. კრებული 1981 წელს გამოვიდა და მინიმალისტური თხრობის სტილით გამოირჩევა. კარვერის პერსონაჟები სევდიანები, მიტოვებულები და მელანქოლიურები, ხშირ შემთხვევაში კი ცხოვრების აზრის გარეშე დარჩენილი ადამიანები არიან. კრებული 166-გვერდიანია და მის წასაკითხად საკმაოდ პატარა დროა საჭირო. შედეგად კი უამრავ ემოციას მიიღებთ.

2. ჯონ სტაინბეკი - თაგვებსა და ადამიანებზე

ფოტო: გამომცემლობა არტანუჯი

თაგვებსა და ადამიანებზე დიდი ამერიკელი მწერლის, ჯონ სტეინბეკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მცირე რომანია. წიგნში მოქმედება ხდება დიდი დეპრესიის პერიოდის კალიფორნიაში და ასახულია მისი თანმდევი მოვლენები: რასიზმი, მარტოობა და ბრძოლა პირადი თავისუფლებისთვის. თაგვებსა და ადამიანებზე არაერთხელ დაიდგა ბროდვეიზე სპექტაკლის სახით, მისი 1992 წლის ცნობილი ეკრანიზაცია კი უამრავ ადამიანს აქვს ნანახი, სადაც მთავარი პერსონაჟის – ლენი სმოლის როლს ჯონ მალკოვიჩი ასრულებს. ამ პატარა წიგნის (სულ რაღაც 139 გვერდის) წასაკითხად ძალიან ცოტა დრო დაგჭირდებათ.

3. ალბერ კამიუ - უცხო

ფოტო: გამომცემლობა აგორა

მეოცე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო და ალბერ კამიუს ყველაზე ცნობილ რომანს უცხო დიდი წარდგენა არც სჭირდება. ამ ტექსმა მოახერხა და პოპკულტურაში ფესვები ღრმად გაიდგა. ამასთან ერთად, მისი წინააღმდეგობრივი ხასიათის გამო, წიგნის მთავარი პერსონაჟი მერსო არაერთი მუსიკალური ბენდის შემოქმედების ინსპირაციაც გახდა. სხვა სიკეთეებთან ერთად, უცხო ალბათ ჯოჯოხეთური სიცხის გადმოცემის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია, რომლის კითხვაც ზაფხულის პერიოდში ხშირად გვინდება. გვერდების რაოდენობა 208-ს შეადგენს, რაც საკმაოდ მცირე რაოდენობაა და მის წაკითხვას დაახლოებით 2 საათი დასჭირდება.

4. კურტ ვონეგუტი - სასაკლაო 5

ფოტო: გამომცემლობა დიოგენე

ამერიკელი მწერლის, კურტ ვონეგუტის ყველაზე ცნობილი რომანი ცენზურის ტყვეობას მალე გაექცა და კრიტიკოსების და ლიტერატურის მოყვარულების აღიარება მოიპოვა. მთავარი გმირს, ბილი პილიგრიმს სტანდარტული ამერიკული ცხოვრება აქვს, თუმცა, უჩვეულო ამბები მაშინ ხდება, როდესაც ის დროში მოგზაურობს და არარსებულ პლანეტა ტრალფამადორთან აქვს შეხება. რომანი 220 გვერდს მოიცავს და მისი წაკითხვა საკმაოდ მალე შეგიძლიათ.

5. იან მაკიუენი - ქვიან სანაპიროზე

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

თანამედროვე ბრიტანელი კლასიკოსის, იენ მაკიუენის 2007 წელს დაწერილი მცირე ზომის რომანი ქვიან სანაპიროზე, ბუკერის პრემიის ფინალისტთა სიაში მოხვდა. წიგნში ამბავი მთავარი პერსონაჟების ქორწინების პირველ დღეს იწყება სექსუალური ლტოლვის, შიშების, საიდუმლოებისა და რომანტიკული ფანტაზიების შესახებ მოგვითხრობს. მოქმედება კი მეოცე საუკუნის 60-იან წლებში ვითარდება. ამ წიგნმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და მალევე არაერთ ენაზე ითარგმნა. 132 გვერდის წაკითხვას კი ნამდვილად ცოტა დრო უნდა.