რუსეთმა თურქეთისთვის S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდება დაიწყო. მხარეებმა 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობის შეთანხმებას ჯერ კიდევ 2017 წელს მიაღწიეს. რუსეთისგან იარაღის ყიდვამ ურთიერთობა დაძაბა ანკარასა და ვაშინგტონს შორის.

მიიჩნევა, რომ S-400 ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემაა მსოფლიოში. მას ერთდროულად 80 ობიექტის განადგურება შეუძლია, როგორც დრონების, ისე თვითმფრინავებისა და რაკეტების.

აშშ-ს უკმაყოფილო იყო იმით, რომ NATO-ში მისი მოკავშირე S-400-ს რუსეთისგან ყიდულობდა. ვაშინგტონი ანკარას სამომავლო სანქციებზე აფრთხილებდა. აშშ მოითხოვდა, რომ თურქეთს S-400-ზე უარი ეთქვა და ანალოგიური ამერიკული სისტემა Patriot ეყიდა. გარდა ამისა, ვაშინგტონი ამტკიცებდა, რომ რუსული სისტემა ალიანსის თავდაცვის ქსელთან შეუთავსებელია და შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს ამერიკული გამანადგურებელი Lockheed Martin F-35, რომლის წარმოებაშიც თურქეთია ჩართული.

აშშ-ს გაფრთხილების მიუხედავად, თურქეთმა შეთანხმებაზე უარი არ თქვა და აღნიშნა, რომ S-400 ამერიკული F-35-სგან მოშორებით განლაგდება. თავის დროზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოგლუმ განაცხადა, რომ რუსეთზე არჩევანი მას შემდეგ შეაჩერეს, რაც ევროპულმა და ამერიკულმა მწარმოებლებმა პროდუქციის მიწოდებაზე უარი თქვეს, რადგან თურქეთის პირობები უარყვეს.