საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა საქართველოს პარლამენტში 20 ივნისის ღამეს ელჩების ყოფნასთან დაკავშირებით ახალი კომენტარი გააკეთა. მან დააზუსტა, რომ საგარეო უწყებას დიპლომატები პარლამენტში არ მიუყვანია, თუმცა მათი ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში თავისი სურვილით მივიდა.

კონსტანტინიდის თქმით, მისი პირველი კომენტარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა და რუსთავი 2-ს დამატებითი კომენტარის გაკეთება სთხოვა.

"ამ პროცესში ინტენსიური კომუნიკაცია იყო ელჩებთან, დიპლომატიურ კორპუსთან. ჩვენი უწყების, ისევე როგორც სხვა უწყებების. მაგრამ თუ თქვენ გულისხმობთ ფიზიკურ კომუნიკაციას, ფიზიკურ მობილიზაციას, ფიზიკური მობილიზაცია არ ყოფილა იმიტომ, რომ ამისი აუცილებლობა არ ყოფილა. ჩვენი მხრიდან რომ ჩვენ მოგვეწვია ეს ადამიანები, ასეთი რაღაც არ ყოფილა, მაგრამ თვითონ თავისი ინტერესი გამოხატეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და ისინი იმყოფებოდნენ პარლამენტში. მათთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა ჩვენს უწყებასაც და სხვა სახელმწიფო უწყებებსაც. მათ შორის თქვენი ეთერიდანც ჩანდა რომ იქ იყო გერმანიის ელჩი. ვერ დაგიდასტურებთ ზუსტად ახლა, რომელი ელჩი იმყოფებოდა, მაგრამ დიპკორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ", — განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა რუსთავი 2-თან.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ უშუალოდ ადევნებდა თვალს, თუ რა ხდებოდა 20-21 ივნისის ღამეს და მასთან ერთად ამ დროს საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე ელჩიც იმყოფებოდა. საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ თქვა, რომ 20 ივნისს პარლამენტში გერმანიის ელჩი მივიდა.