შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარიას მტკიცებით, აქციის დაშლის დროს გამოყენებული ნარინჯისფერი ტყვიების დამიზნება შეუძლებელია. ამის შესახებ მან გადაცემა რეაქციაში განაცხადა. გახარიამ, ასევე, უარყო, რომ ამ ტყვიებს ცხოველების მოსაგერიებლად იყენებენ.

"ყველა ის პროფესიონალი, რომელსაც საერთოდ თემა ესმის, იტყვის, რომ ამ ტყვიის დამიზნება შეუძლებელია. როდესაც ვიღაცა ამბობს, რომ თვალში დამიზნებით ესროდნენ, არის სრული აბსურდი და სიცრუე. ჩვეულებრივი ტყუილი, რომელსაც იგონებდნენ", — აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, აქციის დროს გამოყენებული ოთხივე ტყვია შეესაბამებოდა როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო სტანდარტებს. მინისტრმა კიდევ ერთხელ ახსენა, რომ ნარინჯისფერი ტყვიები 2012 წელს შეიძინეს და მას შემდეგ მუდამ იყო აღჭურვილობაში.

20 ივნისის აქცია

მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც 19-22 ივნისს უნდა გამართულიყო, საქართველოში 25 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის რუსეთის დუმის სამი დეპუტატი. ასამბლეის წაყვანის დროს სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ და თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს, გავრილოვს კი დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თავმჯდომარის ადგილას ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, არ უნდა იჯდეს.

საბოლოოდ, ასამბლეის სესია შეწყდა და რუსმა დეპუტატებმა ქვეყანა დატოვეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სხდომა ასამბლეის გენერალურ მდივანს, ბერძენ დეპუტატს უნდა წაეყვანა და ეს პროტოკოლის მიხედვით იყო განსაზღვრული. მათ ისიც ახსენეს, რომ გავრილოვის მხრიდან ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია.

გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო.

სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. დაზიანებები მიიღეს 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა, მათ შორის იყვნენ On.ge-ს სამი თანამშრომელი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმავეს ღამეს სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის ჯამში 305 ადამიანი დააკავა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს:

  • 225-ე მუხლი: ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე;
  • 315-ე მუხლის მე-3 ნაწილი: ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.