შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლისას ნარინჯისფერი ტყვიების გამოყენება პანკისის აქციის გამოცდილებას არ უკავშირდება

"ეს აღჭურვილობა პანკისშიც გქვონდა, მაგრამ რაიმე კავშირი, რომ იქ არ იყო გამოყენებული და აქ იყო, არ არის".

10 ივლისს ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ განაცხადა, რომ დახურულ შეხვედრაზე გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ნარინჯისფერი ტყვიების გამოყენება პანკისს უკავშირდება:

"აქ იმოქმედა, გარკვეულწილად, ალბათ, პანკისის აქციამ, როცა, ფაქტობრივად, ზეგავლენა ვერ მოახდინა იმ პატარა ტყვიებმა. ეს მისი მოსაზრება იყო. ეს არის მოსაზრებები, როცა მომხდარის შემდეგ თვითონაც აანალიზებს და ჩვენს ვაანალიზებთ", — აღნიშნა სალუქვაძემ.

გადაცემა რეაქციაში შს მინისტრმა განმარტა, რომ პანკისის შემთხვევაზე ამ კონტექსტში საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

დაპირისპირება პანკისი ხეობაში

21 აპრილის დილას პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივებმა მდინარე ალაზანზე მშენებარე ჰესზე ტექნიკის შესვლა გააპროტესტეს, რასაც იქ მობილიზებულ პოლიციასთან დაპირისპირება მოყვა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, დილას სოფელში პოლიცია ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე შეიყვანეს, სპეცდანიშნულების რაზმები კი დაპირისპირების გამო დაამატეს.

ჰესების საკითხზე სალაპარაკოდ თელავში მთავრობისა და ადგილორივების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, თუმცა პარალელურად პანკისში ვითარება დაიძაბა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ორჯერ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ადგილობრივებმა კი პოლიციას ქვები და ხელკეტები დაუშინეს. შსს-ს განცახდებით, შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 სამართალდამცავი.

რამდენიმე საათში შემთხვევის ადგილას მთავრობის წარმომადგენლები ჩავიდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ თემის უხუცესებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი მანამ არ აშენდება, სანამ მოსახლეობის 90%-ს არ ექნება ამის სურვილი.

მთავრობის ადმინისტრაციამ დაპირისპირების შემდეგ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ჰესების სარგებლიანობაზე ისაუბრეს. მათი თქმით, საჭირო იყო ამ ინფორმაციის ადგილობრივებისთვის მიწოდება.