საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლამდე მოქალაქეებს ოთხჯერ მოუწოდეს. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქალაქის მერიამ რამდენჯერმე მოუწოდა, გთხოვთ, დატოვოთ აქციის [ტერიტორია]... ეს გაფრთხილება იყო ოთხჯერ. [გაფრთხილება იყო] ყველგან. მედიაში მე გამოვედი პირადად", — თქვა გახარიამ.

"იქ ვინც იდგა და აპროტესტებდა პოლიტიკურ მოვლენებს, ვეჭვობ, რომ ტელევიზიის სანახავად ვერ მოიცლიდან", — უთხრა მინისტრს ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ, თუმცა გახარია მაინც აგრძელებდა მტკიცებას, რომ გამაფრთხილებელი ხმაც გაისმა.

20 ივნისის აქციას, რომლის დაშლაზეც მინისტრი საუბრობდა, On.ge-ს რამდენიმე ჟურნალისტი აშუქებდა. ვერც ერთი მათგანი ვერ იხსენებს, რომ აქციის დაშლამდე რამე სახის გაფრთხილება გაისმა.

აქციის დაშლიდან ამ დრომდე გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება. ამ დროის განმავლობაში მოთხოვნა უცვლელია, გადადგეს გიორგი გახარია, რომლის მინისტრობის განმავლობაში დაშლილი აქციის დროს მინიმუმ 160 მოქალაქე დაშავდა, ორმა კი თვალი დაკარგა.