შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლაზე ბრძანება მან გასცა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

კითხვაზე, რაც ხდებოდა 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობასთან ბრძანება მან გასცა თუ არა, მინისტრმა ასე უპასუხა:

"რა თქმა უნდა [პირველივე წუთიდან ბოლო წუთამდე]. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი. მანამდე, უბრალოდ, მე იქ არ ვიყავი. მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. ამის ფარგლებში გავეცი ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რომელიც კანონმდებლობით არის სრულად გაწერილი".

ამ დრომდე მინისტრს არ უთქვამს, რომ დაშლაზე გადაწყვეტილება მან მიიღო, მანამდე ის მუდმივად იმეორებდა, რომ პასუხისმგებლობას იღებდა.

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია თბილისში 20 დღეზე მეტია იმართება. ამ დროის განმავლობაში მოთხოვნა უცვლელია, გადადგეს გიორგი გახარია, რომლის მინისტრობის განმავლობაში დაშლილი აქციის დროს მინიმუმ 160 მოქალაქე დაშავდა, ორმა კი თვალი დაკარგა.