ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერის თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნება დიდი შეცდომა იყო. ამის შესახებ ფიშერმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს მიეძღვნა. მისივე თქმით, რუსეთის დაბრუნებას ეწინააღმდეგებოდა ჩეხეთიც.

"ბევრი ქვეყანა ისეთი, როგორიც უკრაინა და საქართველოა, ეწინააღმდეგებოდა ამ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, სოლიდარობა, რომელიც უნდა გამოვიჩინოთ ევროპის საბჭოში, არის, ის რომ ჩვენ, წევრმა ქვეყნებმა ერთად უნდა ვიმოქმედოთ. ერთად უნდა შევუწყოთ ხელი სამართლის უზენაესობის დამკვიდრებას. ჩვენ კი სოლიდარობა ვერ გამოვიჩინეთ", — განაცხადა პაველ ფიშერმა.

25 ივნისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ასამბლეაში დაბრუნების საშუალებას აძლევს. ასამბლეის სხდომაზე მიღებულ რეზოლუციას PACE-ს რეგლამენტში ცვლილებები შეაქვს, რომელიც კრძალავს ევროსაბჭოს დელეგაციებისთვის ხმის და ასამბლეაში გამოსვლის უფლების ჩამორთმევას. გარდა ამისა, ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა, რომ ქვეყნები, რომლებიც ამჟამად PACE-ში წარმოდგენილი არ არიან, ასამბლეის ივნისის სესიაში მონაწილეობისთვის განაცხადი ახლა შეიტანონ.

ყირიმის ანექსიის გამო PACE-მ 2014 წელს რუსეთს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა. ერთი წლის შემდეგ ორგანიზაციამ სანქციები გაახანგრძლივა, რის გამოც რუსეთმა ასამბლეის სესიებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. გარდა ამისა, 2017 წლიდან რუსეთმა ევროსაბჭოს ბიუჯეტში საწევრო შენატანის გაკეთება შეწყვიტა.

ხმის უფლების ჩამორთმევის გარდა რუსებს არ შეეძლოთ PACE-ში მომხსენებლობა, სხვა ქვეყნებში არჩევნებზე დამკვირვებლობა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ასამბლეას წარდგენა. ამასთანავე, მათ PACE-ში წამყვანი პოზიციების დაკავება ეკრძალებოდათთ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 26 კი ივნისს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების აღდგენას ეხებოდა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 116 დელეგატმა, წინააღმდეგი იყო 62, ხოლო 15-მა თავი შეიკავა. რუსეთის დაბრუნების კატეგიული წინააღმდეგი იყვნენ საქართველო და უკრაინა.

ამავე თემაზე: