ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს მოუწოდებს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლა აღადგინოს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ამერიკის ხმის კორესპონდენტს უთხრა:

"ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით აკვირდებოდა რუსეთის მთავრობისა და დუმის წევრების არაპროპორციულ რეაქციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ მივესალმებით რუსი და ქართველი ლიდერების გაკეთებულ განცხადებებს და გადაწყვეტილებებს ორმხრივი ურთიერთობების დასტაბილურების მიზნით".

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოში ჩასული უცხოელი ტურისტები მთელი მსოფლიოდან, თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და იქ მათ კარგად ხვდებიან. ამასთან ერთად, აშშ-ის საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს მოერიდოს ნეგატიური ზომების მიღებას, მათ შორის სანქციების დაწესებას.

"ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოვუწოდებთ რუსეთს დაასრულოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია", — აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი.

20 ივნისის მოვლენებისა შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, რუსი მოქალაქეების უსაფრთხოების მოტივით 8 ივლისიდან საქართველოსთან სამგზავრო ავიამიმოსვლა დროებით შეწყდება. ამ დღეს საქართველოში მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წაყვანის დროს სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ და თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს, გავრილოვს კი დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თავმჯდომარის ადგილას ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, არ უნდა იჯდეს.

საბოლოოდ, ასამბლეის სესია შეწყდა და რუსმა დეპუტატებმა ქვეყანა დატოვეს. გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მოქალაქეების სანტისაოკუპაციო აქციები უკვე 22 დღეა გრძელდება.