ხორავას ქუჩის საქმეში ბრალდებული მიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება. აღკვეთი ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც ბრალდების მხარე არ იზიარებდა. კალანდიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

"ეს არ არის ძირითადი საქმის მოსამართლე, შესაბამისად, ყოველთვის ცდილობს წინასასამართლო სხდომის მოსამართლე, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით არ იმსჯელოს იქიდან გამომდინარე, რომ არსებითი საქმე როდესაც გადაეცემა სასამართლოს, იმ სასამართლომ გადაწყვიტოს მისი ბედი", — განაცხადა კალანდიას ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა. ამასთანავე ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გაამართლებენ.

როგორც პროკურორი მირიან მეგრელიშვილი ამბობს, აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის დროს მოსამართლემ გაიზიარა მოცემულობა, რომ ბრალდებულის მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობდა.

დღეს, 11 ივლისს მიხეილ კალანდიას წინასასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც მხარეების მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

სხდომის დაწყებამდე ანა კოტეტიშვილმა თქვა, რომ ბრალდების მხარეს ახალი მტკიცებულებები არ გააჩნია. ადვოკატის თქმით, ხელახლაა გამოკითხული რამდენიმე პირი, რომელებიც საქმესთან დაკავშირებით ახალს არაფერს ამბობს და საქმეში არარსებული მტკიცებულებების გამო კალანდიას აღკვეთი ღონისძიება, პატიმრობა, გირაოთი უნდა შეიცვალოს.

ვინ არის მიხეილ კალანდია

მიხეილ კალანდია 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილეა. კალანდიამ გამოძიებისა და სასამართლო პროცესის დროს ჩვენება არაერთხელ შეცვალა. მან პირველად თქვა, რომ ბრალდებულ არასრულწლოვნებს ჩხუბის დროს დანა არ ჰქონიათ. მომდევნო პროცესზე კი მოწმემ ჩვენების შეცვლა გასულ პროცესზე ბრალდებული მეგობრების დაცვის სურვილით ახსნა. კალანდიამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა, თუ ვის ეჭირა დანა, ვინ ურტყამდა დანას. მან ასევე თქვა, რომ თავად მოგვიანებით, რამდენიმე წამით შევიდა ფარდულში გასაშველებლად. კალანდიას მიერ შეცვლილი საბოლოო სცენარი, ემთხვევა პროკურატურის ვერსიას.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ცრუ ჩვენებისთვის მიხეილ კალანდიას სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს.

პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი რეკომენდაციით მიმართა, რომ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა კალანდია მიმართ, დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში თანამონაწილეობის საქმეზე.

2018 წლის ივნისში შსს-მ დააკავა მერაბ მორჩაძე, რომელიც საქმეში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის ნათესავია. უწყება მას მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ედავებოდა. მორჩაძემ ბრალი აღიარა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

შსს-ში აცხადებდნენ, რომ მორჩაძე სასამართლოში ჩვენების შეცვლის მიზნით, გავლენა მოახდინა დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიაზე, რომელიც მკვლელობის ჩადენაში ამხელდა მერაბ მორჩაძის მეგობრის შვილს, ბრალდებულ გ.ჯ.-ს. მათივე თქმით, მერაბ მორჩაძე არაერთხელ შეხვდა ძმებ კალანდიებს, ბრალდებულ გ. ჯ.-ს სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით, გადასცა მათ გარკვეული თანხა.