თბილისში სკუტერების გაქირავების რუსული კომპანია შემოვიდა, რომელსაც ინსტრუქცია მხოლოდ რუსულ ენაზე აქვს და რუბლის გადახდის სისტემით მუშაობს. რეგისტრაციის დროს აპლიკაცია მომხმარებელს საბანკო ანგარიშიდან 2 რუბლს აჭრის და მენიუში ქართული ენა დამატებული არ აქვს.

საქართველოში კომპანია toGo-ს წარმომადგენელმა, ნიკო პაპაშვილმა On.ge-სთან საუბრისას თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ქართველებმა რუსული წარწერა აგრესიულად მიიღეს, კომპანიამ გადაწყვიტა ინსტრუქცია ორივე ენაზე დაწეროს და აპლიკაციაში ქართული ენა დაამატოს. სკუტერები რუსული ინსტრუქციით რუსთაველის გამზირზე და პეკინის ქუჩაზეა განლაგებული.

"ეს არის საერთაშორისო გადახდის სისტემა, რომელზეც არის მიბმული აპლიკაცია. აპლიკაცია მუშაობს მხოლოდ რუბლზე, ევროზე, დოლარზე და ა.შ. ორი კვირა გვინდა, რომ შევასწოროთ გადახდის სისტემა და რუბლიდან შეიცვლება დოლარზე. ამჟამად, სამწუხაროდ, მხოლოდ რუბლში აჩვენებს... თვითონ თვითგორიალებზეც იქნება დაკრული ქართულ ენაზე ინსტრუქცია, ეგ უკვე დაბეჭდილი გვაქვს, ალბათ 1-2 დღეში დავაკრავთ", — აღნიშნა ნიკო პაპაშვილმა.

toGo თბილისის გარდა მოსკოვში, კალინგრადში, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლსა და ყაზახეთის ქალაქ ყარაღანდაში მოქმედებს. საქართველოში კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მომავალში შეიძლება სკუტერების გაქირავება ბათუმსა და ქუთაისშიც დაიწყონ. ნიკო პაპაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რუსმა პარტნიორებმა ძირითადი ქარხანა შეიძლება საქართველოში გადმოიტანონ და წარმოება აქ დაიწყონ.