ფსიქიატრი პაციენტს სთხოვს თავისი შიში დახატოს. 12 წლის გოგონასთვის ეს პირველი ვიზიტი არ არის ექიმთან. 3 წლის წინაც მოხვდა საავადმყოფოში, ოღონდ მაშინ მუცლის ტკივილი და გულისრევა აწუხებდა. მიზეზიც სხვა იყო: დედა და მამა განქორწინებას გეგმავდნენ. ფსიქიატრმა განქორწინებასთან დაკავშირებული შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი დაუსვა. შემდეგი 6 თვე ყოველდღე სვამდა წამალს და საბოლოოდ ყველაფერი მოწესრიგდა. ახლა კი სულ სხვანაირად არის: ბოლო 3 თვეა გაუგებარი და უმიზეზო შიშები დაეწყო.

გოგონა კალამს იღებს და მჭიდროდ, ერთმანეთის მიყოლებით წრეების ხატვას იწყებს. დაახლოებით იმის მსგავსს, როგორი ხვრელებიც რემონტისას მის სააბაზანოს კედლებს ჰქონდა.

ფოტო 2: Martínez-Aguayo, Lanfranco, Arancibia, Sepúlveda and Madrid.

შიში საფრთხის მიმართ ორგანიზმის ნორმალური ფიზიოლოგიური რეაქციაა. სულ სხვა რამაა ფობია, რომლისთვისაც დამახასიათებელია არაცნობიერი, მძაფრად გამოხატული, შფოთვის გამომწვევი მუდმივი შიშის განცდა. ფობიების მიზეზი განვითარების ევოლუციურ პრინციპებში, უპირობო რეფლექსებსა და ობიექტებთან დაკავშირებულ რწმენებსა თუ აღქმით მიკერძოებებში უნდა ვეძებოთ.

ტრიპოფობიის შესახებ ძალზე მწირი სამეცნიერო ინფორმაცია არსებობს, თუმცა ინტერნეტ-სივრცეში ის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი სამედიცინო საკითხია. ტერმინი ბერძნულიდან სიტყვა-სიტყვით ნახვრეტების/ხვრელების შიშს ნიშნავს. კლინიკური დეფინიციით, ეს არის ღრმულების, განმეორებითი პატერნების, ამობერილობებისა და, ზოგადად, მსგავსი გამოსახულებების ძლიერი, გაუკონტროლებელი შიში.

ტრიპოფობიის პირველი კლინიკური შემთხვევა 1998 წელს ფრანგმა ფსიქიატრმა, რუფომ აღწერა სტატიაში გოგონა, რომელსაც ნასვრეტების ეშინოდა. შესაძლოა, ადამიანთა მსგავსი თვითგანცდების შესახებ აქამდეც ვიცოდით, უბრალოდ ამას ვერ ვხვდებოდით. 1984-86 წლებში ვილკინსმა გამოიკვლია ხელოვნების ნიმუშების დათვალიერებისას გამოწვეული ვიზუალური დისკომფორტის ფენომენი და მისი ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ მრავალგზის განმეორებითი ფორმებითა და ზოლიანი ხაზებით შექმნილი სურათები დამთვალიერებელში ემოციურ გაღიზიანებას იწვევდა. ეს მოვლენა ყველაზე ნათლად ეპილეფსიით და შაკიკით დაავადებულ ადამიანებშია გამოხატული.

ტრიპოფობიის კლინიკური სიმპტომები

კლინიკურად მისი სიმპტომები საკმაოდ მრავალფეროვანია: გაძლიერებული გულისცემა და მომატებული სუნთქვის რიტმი, მოხრჩობის შეგრძნება, გულისრევა, გაფითრება, ცივი ოფლი, პირის სიმშრალე, კანკალი, კანის "დაბურძგვლა", მძაფრი ზიზღის განცდა, ზოგადი დისკომფორტი.

ტრიპოფობიის კლინიკური ნიშნების უფრო ზუსტი კლასიფიცირებისათვის ლიმ და კოლეგებმა ე.წ. "ტრიპოფობიური კითხვარი" შექმნეს, რომელსაც დღეს უკვე აქტიურად იყენებენ პრაქტიკოსი ფსიქიატრები. კვლევის მიზანი ფენომენის უკეთ შესწავლა და მისი შფოთვით აშლილობასთან კავშირის დადგენა იყო. ექსპერიმენტების შედეგად გამოიკვეთა ტრიპოფობიის სუსტი კავშირი შფოთვით აშლილობებთან, რაც ზოგადად ფობიებისთვის მეტად უჩვეულოა: ეს უკანასკნელნი სწორედაც რომ შფოთვითი აშლილობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენენ.

ტრიპოფობიას ფსიქიკურ დაავადებათა სახელმძღვანელოში ფობიათა ჩამონათვალში ვერ იპოვით, რადგანაც იგი თავისი არსით ვიზუალური დისკომფორტის ტიპს შეგვიძლია მივაკუთვნოთ. კლასიკური ფობიისგან განსხვავებით, ხშირად იგი შიშის ნაცვლად უფრო მეტად ზიზღით გამოვლინდება. ვლოკ-ბარნარდისა და შტეინის კვლევის მიხედვით, ადამიანებს ტრიპოფობიასთან ერთად ხშირად სხვა კლინიკური ფობიებიც აქვთ გამოხატული. ზოგჯერ იგი როგორც ცალკე აღებული სიმპტომი ისე გვხვდება დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის თანმდევად.

რა შეიძლება იყოს ტრიპოფობიის მიზეზი?

ერთ-ერთი მოსაზრებით, მსგავსი ტიპის სურათები შხამიან არსებებთან, უფრო კონკრეტულად კი მათი კანის მოხატულობასთან ასოცირდებოდა. სწორედ ეს იწვევდა შემდგომში არარაციონალურ შიშს. აქედან გამომდინარე ჩნდებოდა კითხვა: განვითარების რა ეტაპზე აკავშირებდა ადამიანი შხამიან არსებებსა და ტრიპოფობიურ სურათებს ერთმანეთთან? სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ჩატარებულმა კვლევამ ამ კითხვას პასუხი ვერ გასცა. თუკი ამგვარი ამოუხსნელი შიშის მიზეზი ევოლუციურად იყო დეტერმინირებული, მას ქვეცნობიერად უნდა ეჩინა თავი. მარტივად რომ ვთქვათ: ბავშვებს, რომელთაც დიდი ინფორმაცია არ გააჩნდათ შხამიან არსებებზე, ტრიპოფობიური სურათების დათვალიერებისას მაინც უნდა შეშინებოდათ. ეს კი ასე არ მოხდა. ლოგიკურიც არის: თუ მსგავსი კორელაცია ნამდვილად არსებობდა, ევოლუციურად იგი უფრო მოგვიანებით, ზრდასრულ ასაკში უნდა გაჩენილიყო.

კუპფერისა და ლის თეორიის მიხედვით, ამ ფობიის მიზეზი არა შხამიანი არსებების, არამედ პარაზიტებისა და კანის ინფექციური დაავადებების შიში უნდა იყოს. შესაბამისი კვლევებით აღნიშნული მოსაზრების ფაქტობრივი მტკიცებულების მიღებაც გახდა შესაძლებელი, თუმცა ეს უფრო მეტად კვლევის ავტორთა ინტერპრეტაციაა. მათი მოსაზრებით, ტრიპოფობიის მიღმა რეალურად კანის დაავადებების თავიდან არიდების მექანიზმი იმალება, რადგანაც მსგავსი ტიპის ინფექციების კლინიკური ნიშნები ერთგვარ ტრიპოფობიურ სურათებს მოგაგონებთ.

იამადამ და სასაკიმ აქამდე არსებული სამეცნიერო კვლევები გააანალიზეს და ახალი ჰიპოთეზა ჩამოაყალიბეს: ტრიპოფობიურ გამღიზიანებელზე პასუხი ზოგადად კანის პათოგენებისგან თავის არიდების მექანიზმია. მკლევართა ჰიპოთეზა თანხვედრაშია აქამდე არსებულ მოსაზრებებთან, მაგრამ წარმოდგენილი ფაქტობრივი მტკიცებულება საკმარისი არ არის საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად. ამ დრომდე ვერ ხერხდება ტრიპოფობიისა და კანის დაავადებების ერთმანეთთან უფრო მეტად ლოგიკური, რაციონალური გზით დაკავშირება. ვარაუდის დონეზე ამ ჰიპოთეზას არსებობის უფლება მაინც აქვს.

მკურნალობა და პასუხგაუცემელი კითხვები

მოცემულ მომენტში ტრიპოფობია მკურნალობას არ ექვემდებარება. თუ იგი თან ერთვის სხვა სახის ფსიქიატრიულ დაავადებას და გამოხატულია ფობიის (და არა ზიზღის) სიმპტომების სახით, ძირითადი მკურნალობა და ფსიქოთერაპია ტრიპოფობიურ ჩივილებსაც ასუსტებს.

შემდგომი კვლევები პასუხს გასცემს ამ მოვლენის ირგვლივ არსებულ კითხვებს: ზიზღი თუ შიშია მწვავე ჩივილების გამომწვევი? მკურნალობის როგორი სტრატეგიები უნდა გამოვიყენოთ ამგვარი განსხვავების მქონე პაციენტებთან? რა ზიანის გამოწვევა შეუძლია ტრიპოფობიას, როგორც დამოუკიდებელ დაავადებას? თუ იგი ევოლუციურად მოგვყვება, რატომ გამოიხატება ზოგ ადამიანში ზიზღის და ზოგში კი შიშის სახით?

P.S. ერთ-ერთ ბოლო ვიზიტზე, 12 წლის გოგონამ ექიმს ასეთი რამ უთხრა: "ნასვრეტებიან პურს ვერ ვჭამ და ჟოლოს წვენს ვერ ვსვამ. მათი ტექსტურა ჩემში ზიზღს იწვევს და ამის წარმოდგენაზეც კი მაკანკალებს".

შესაძლოა, ტრიპოფობიის გამომწვევი მხოლოდ ვიზუალური გამღიზიანებელი არც იყოს.