"მე არ გახლავართ საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, შეგიძლიათ კითხოთ მას. მე ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი", — ასე პასუხობს უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე კითხვას იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე. ტელეკომპანია პირველის წამყვანის, ნინო ჟიჟილაშვილის დამაზუსტებელ კითხვაზე, უფრთხის თუ არა დეპუტატი პასუხის გაცემას, ზოიძე ამბობს: "მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე. რუსეთი არის ოკუპანტი".

რამდენიმე დამაზუსტებელი კითხვის შემდეგ კი ზოიძე ამბობს, რომ პრეზიდენტი არის დამოუკიდებელი ფიგურა და თავად იღებს გადაწყვეტილებებს. მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ მხარი დაუჭირა ზურაბიშვილს, მაგრამ ის "მარიონეტი არ არის".

მას შემდეგ, რაც წამყვანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი კრიტიკული იყო საკუთარი მოქალაქეების და აქციის მონაწილეების მიმართ და ამაზე სურდა დეპუტატის შეფასება მოესმინა, ზოიძემ უპასუხა: "რა მოქალაქეების მიმართ. ესენი არიან მტრები და მეხუთე კოლონა".

გუშინ, 9 ივლისს პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციას მიმართა და მოუწოდა არ აყვეს ესკალაციას. მან მიმდინარე მოვლენები "რადიკალი ძალებისგან წამოწყებულ პროვოკაციად შეაფასა" და აღნიშნა, რომ "დესტრუქციული მიზნები" აქვთ.