"ესენი არიან მტრები და მეხუთე კოლონა. აი, მაგი არის თავზე ხელს, რომ უსვამთ. რა მოქალაქეები წარმოიდგინეთ, რისი გულისთვის აკეთებენ ამას", — ასე მოიხსენია მმართველი პარტიის დეპუტატმა, აკაკი ზოიძემ აქცია #სირცხვილიას მონაწილეები. ამის შესახებ მან ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა.

ზოიძემ განაცხადა, რომ აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრები იდგნენ. წამყვანმა, ნინო ჟიჟილაშვილმა მას დაუზუსტა, რომ აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს გულისხმობდა, რომლებიც გავრილოვის ვიზიტს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებდნენ, რაზეც ზოიძემ განაცხადა: "კი, ბატონო, არიან იქ ახალგაზრდები, რომლებიც თვლიან, რომ გახარიას გადადგომაა მთავარი".

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, მათ უწოდებდა თუ არა მეხუთე კოლონას, ზოიძე პასუხობს:

"კი ბატონო, მათ შორის იმ პროვოკაციის გამო, რომელიც მოაწყო იგივე ხალხმა, რომელიც იგივე პროვოკაციას აწყობს დღეს".

ამ საკითხზე საუბარი ზოიძემ მას შემდეგ დაიწყო, რაც წამყვანმა სთხოვა შეეფასებინა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება. ჟიჟილაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი იყო კრიტიკული საკუთარი მოსახლეობის და აქციის მონაწილეების მიმართ, რაზეც ზოიძემ უპასუხა, რომ "ისინი" არა მოქალაქეები, არამედ მტრები არიან.

განახლება: დეპუტატმა განაცხადა, რომ მტრები და მეხუთე კოლონა ნაციონალურ მოძრაობას უწოდა.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/15s7