საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მზადაა, ბათუმის ახალ უნივერსიტეტში პირველი ლექცია ჩაატაროს. ის კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსისა და სკოლის მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ზურაბიშვილის თქმით, დღეს საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტი რეგიონების განვითარებაა და უნივერსიტეტისა და სკოლის დაარსება რეგიონების გაძლიერების ერთ-ერთი გზაა.

"ამავდროულად, განათლება ჩვენი მთავრობის დღევანდელი პრიორიტეტია და ხვალ, ევროპულ საერთაშორისო კონფერენციაზე ჩვენი გზავნილი იქნება ის, რომ საქართველო მზადაა გახდეს ევროპული განათლების სივრცის სრულფასოვანი წევრი და საქართველოსთვის ევროპაში შესვლა პირველ რიგში სწორედ ევროპული განათლების სივრცის სრულ წევრობას ნიშნავს", — თქვა პრეზიდენტმა.