ჰომოფობიური მოძრაობის წევრი, გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მისი თქმით, ის ოჯახი, რომელიც მამათმავლობის წინააღმდეგ ხელს არ მოაწერს, ჩაითვლება "პედერასტების" ოჯახად, რომელიც "ვერც ქალს გაათხოვებს და ვერც ცოლს მოიყვანს". ამის შესახებ ფალავანდიშვილმა პრაიმტაიმს განუცხადა.

"ჩვენ ვიწყებთ პროპაგანდების აკრძალვის ხელმოწერების შეგროვებას, რომლის მიხედვითაც ლგბტ თემატიკა სკოლებში არ ისწავლებოდეს, როგორც დადებითი თემატიკა, ასევე, არ უნდა იწვევდნენ მათ მხარდამჭერებს ტოქ-შოუებში, არ უნდა ტარდებოდეს ქუჩებში პრაიდები და აღლუმები. ჰომოსექსუალებს უნდა აეკრძალოთ მასწავლებლობა, ჯარში მსახურობა და მთავრობაში ყოფნა", — თქვა ფალავანდიშვილმა.

მისი განცხადებით, ხელმოწერების შეგროვების შემდეგ ხელისუფლებას ერთთვიან ვადას მისცემენ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პასუხს არ მიიღებენ, რუსთაველზე დადგებიან ლოზუნგით: "არ დავიშლებით მანამ, სადან არ მივიღებთ ამ კანონს".