მარიხუანას ლეგალიზება თინეიჯერებში მისი მოხმარების კლებას იწვევს — ამ დასკვნამდე მონტანას უნივერსიტეტის მკვლევარები მას შემდეგ მივიდნენ, რაც 1993 წლიდან 2017 წლამდე აშშ-ს დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთა მიერ მარიხუანას მოხმარების სტატისტიკა შეისწავლეს.

ახალგაზრდებში მთელი ქვეყნის მასშტაბით მარიხუანას მოხმარებამ იმატა, თუმცა თინეიჯერებში ეს მაჩვენებელი 10%-ით დაბალია იმ შტატებში, სადაც იგი რეკრეაციული მიზნებით ლეგალიზებულია. აშშ-ს 33 შტატში მარიხუანას სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება დაშვებულია, ხოლო 10 შტატში მისი მოხმარება რეკრეაციული მიზნითაც არის შესაძლებელი. 18 წლამდე მოზარდებისათვის მარიხუანა ყველა შტატში არალეგალურია.

"ეს კვლევა იმ ეჭვების გასაფანტად გამოდგება, რომ თითქოს ახალგაზრდებში მარიხუანას მოხმარება ლეგალიზაციის შემდგომ გაიზრდება" — განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა, მარკ ანდერსონმა.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ყოველწლიურად ატარებს ახალგაზრდებში სახიფათო ქცევების შესახებ გამოკითხვებს. მარკ ანდერსონმა და მისმა ჯგუფმა სწორედ ეს მონაცემები გააანალიზა. მკვლევართა გუნდა ჯამში 1,4 მილიონი თინეიჯერის მონაცემები შეისწავლა.

ანდერსონის აზრით, მოზარდებისთვის ლიცენზირებული მაღაზიებიდან მარიხუანას ყიდვა გაცილებით უფრო რთულია. ეს დაწესებულებები, ქუჩის დილერებისგან განსხვავებით, ძალზე მკაცრად ამოწმებენ თავიანთი კლიენტების ასაკს. ლეგალური მარიხუანა ასევე უფრო მეტად ძვირი ღირს.

თინეიჯერებში მარიხუანას მოხმარების კლების ტენდენცია მხოლოდ სრული ლეგალიზების ფონზე შეინიშნება. მხოლოდ სამედიცინო მიზნით ლეგალიზება ამ მონაცემებზე გავლენას ვერ ახდენს.

ახალი კვლევის შედეგები ზუსტად ეხმიანება გასული წლის კვლევის შედეგებს. 2018 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა სამეცნიერო სტატია, რომლის მიხედვითაც 2012 წელს ვაშინგტონის შტატში მარიხუანას ლეგალიზების შემდგომ თინეიჯერებში მისმა მოხმარებამ მნიშვნელოვნად იკლო.

განსხვავებული იყო ანალოგიური კვლევის შედეგები 2018 წელს კოლორადოში. მაშინ მკვლევართა დასკვნით, ამ შტატში მარიხუანას სრულმა ლეგალიზაციამ 2014 წლის შემდეგ თინეიჯერებში მის მოხმარებაზე გავლენა არ იქონია.

ექიმი ანდერსონის მოსაზრებით, რადგანაც შტატების უმრავლესობაში ლეგალიზაცია ახლახანს მოხდა, შედეგების სრული სურათის აღსაქმელად წლების შემდგომ ახალი კვლევა და ამგვარად მონაცემის განახლებაა საჭირო.

სტატია ჟურნალში JAMA Pediatrics გამოქვეყნდა