რუსეთის პრეზიდენტის უარს საქართველოს მიმართ სანქციების დაწესებაზე პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანი, პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის მსგავსად ღირსეულს უწოდებს. ამის შესახებ კვიციანმა ფეისბუქზე დაწერა.

"ნაციონალებმა ერთი ორად გაზარდეს პუტინის რეიტინგი, საქართველოში და მსოფლიოშიც. მისი განცხადება იყო ღირსეული მოწინააღმდეგის პასუხი! ღირსეული ბრძოლა ყოველთვის ფასდება და უღირსი საქციელი ისჯება, თვით განგებისგანაც. დიდება ღმერთს!", — წერს კვიციანი.

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ირმა ინაშვილი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ "გაახარა". მან პუტინის მიერ სანქციების დაწესებაზე უარს "ძალზედ ღირსეულ და დროული კომენტარი უწოდა".

"პირადად მე გამახარა ამ დამოკიდებულებამ. ნამდვილად, ქართულ- რუსულ ურთიერთობებს სიღრმისეულად უნდა მივუდგეთ და ასეთი მიდგომა ორივე მხარისთვის სასიკეთო და ქრისტიანულ ნაყოფს გამოიღებს", — დაწერა ირმა ინაშვილმა ფეისბუქზე.

მისივე ცნობით, უახლოეს დღეებში პატრიოტთა ალიანსის დეპუტატები მოსკოვში ჩავლენ და რუს დეპუტატებს შეხვდებიან.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენების წინააღმდეგია და ამას ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამო არ გააკეთებდა. საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკანიანი "ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას" უწოდებს სანქციებთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პოზიციას.

პუტინის გინება, რ2-ის პოზიცია და გამოხმაურებები

რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს აგინა. მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. გაბუნიას ქცევა არხმა კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნია და გაემიჯნა. მთავრობის წარმომადგენლებმა კი ეს ქვეყნის წინააღმდეგ ომად შეაფასეს.

კახა კალაძემ თქვა, რომ ამას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს და ქვეყნისთვის საფრთხის შექმნას არ დაუშვებენ. მსგავსი შინაარსის განცხადებები ჰქონდათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც. ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ გაბუნიას გინება საფრთხეს ქმნის და ქვეყნის მტრობაა. პრეზიდენტიც იმავე აზრზეა და ფიქრობს, რომ ეს ქცევა ან "ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება", ან "რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე".

რუსთავი 2 ამბობს, რომ გაბუნიას მიმართვას არხის თვითრეგულირების ორგანო განიხილავს, მთავრობის წარმომადგენლების მსგავსი შეფასებები კი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად მიაჩნიათ.

გაბუნიას მიმართვა უკვე შეაფასა ეთიკის ქარტიამაც. საბჭოს განცხადებით, ეს არაეთიკური განცხადებები აღვივებს ხელისუფლების მისწრაფებებს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

ამის ფონზე კი რუსთავი 2-თან აქცია გაიმართა, სადაც მოითხოვდნენ, რომ გაბუნიას დაეტოვებინა არხიც და ქვეყანაც.

გიორგი გაბუნიას მიმართვას კრიტიკულად შეხვდნენ რუსეთში. რუსეთის დუმის ზოგიერთი დეპუტატი და, მათ შორის სპიკერ ვიაჩესლავ ვოლოდინი, ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებასა და რუსეთში მის ექსტრადიციას ითხოვდნენ. რუსი დეპუტატები არა მხოლოდ გაბუნიასგან, არამედ საქართველოს ხელისუფლებისგანაც ბოდიშს მოითხვენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ქართულ ხელისუფლებას გინების დაგმობა მოუწონა.

ამავე თემაზე: