რუსეთის დუმის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია იედინაია როსიას წარმომადგენელმა, პიოტრ ტოლსტოიმ 9 ივლისს თქვა, რომ საქართველო ვერასოდეს დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს. ტოლსტოის დუმაში გამოსვლის ქართული თარგმანი რადიო თავისუფლებამ გაავრცელა.

დეპუტატმა საქართველო და უკრაინა "გაავებულ ინვალიდებად" მოიხსენია, საქართველოსგან კი ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

"ბოდიშის მოხდა საჭიროა არა სიტყვებისთვის არა ტონისთვის, არა ლანძღვისთვის, არამედ ბოდიში საჭიროა აზრისთვის, რიტორიკისთვის რუსეთის მიმართ, რუსეთის პრეზიდენტის მიმართ...რადგან მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წყალობით (და ეს ყველამ იცის) არსებობს დღეს მსოფლიო რუკაზე ორი გაავებული ინვალიდი — თავისი ტერიტორიების ნაწილების გარეშე, შეუმდგარი სახელმწიფოები, უკრაინა და საქართველო. დიახ, ისინი ასეთები არიან და ამ სიავით იგიზგიზებენ, ვიდრე არ მიხვდებიან, რომ ამ ტერიტორიებს ისინი ვერასდროს დაიბრუნებენ.

თუკი უკრაინელ პოლიტიკოსებს ჯერ კიდევ მოუწევთ ბოდიშის მოხდა უკრაინაში 5-წლიანი უღირსი საქციელისთვის, ქართველებმა უნდა გააკეთონ ეს დაუყოვნებლივ და ოფიციალურად", — განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

პუტინის გინება, რ2-ის პოზიცია და გამოხმაურებები

რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს აგინა. მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. გაბუნიას ქცევა არხმა კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნია და გაემიჯნა. მთავრობის წარმომადგენლებმა კი ეს ქვეყნის წინააღმდეგ ომად შეაფასეს.

კახა კალაძემ თქვა, რომ ამას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს და ქვეყნისთვის საფრთხის შექმნას არ დაუშვებენ. მსგავსი შინაარსის განცხადებები ჰქონდათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც. ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ გაბუნიას გინება საფრთხეს ქმნის და ქვეყნის მტრობაა. პრეზიდენტიც იმავე აზრზეა და ფიქრობს, რომ ეს ქცევა ან "ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება", ან "რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე".

რუსთავი 2 ამბობს, რომ გაბუნიას მიმართვას არხის თვითრეგულირების ორგანო განიხილავს, მთავრობის წარმომადგენლების მსგავსი შეფასებები კი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად მიაჩნიათ.

გაბუნიას მიმართვა უკვე შეაფასა ეთიკის ქარტიამაც. საბჭოს განცხადებით, ეს არაეთიკური განცხადებები აღვივებს ხელისუფლების მისწრაფებებს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

ამის ფონზე კი რუსთავი 2-თან აქცია გაიმართა, სადაც მოითხოვდნენ, რომ გაბუნიას დაეტოვებინა არხიც და ქვეყანაც.

გიორგი გაბუნიას მიმართვას კრიტიკულად შეხვდნენ რუსეთში. რუსეთის დუმის ზოგიერთი დეპუტატი და, მათ შორის სპიკერ ვიაჩესლავ ვოლოდინი, ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებასა და რუსეთში მის ექსტრადიციას ითხოვდნენ. რუსი დეპუტატები არა მხოლოდ გაბუნიასგან, არამედ საქართველოს ხელისუფლებისგანაც ბოდიშს მოითხვენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ქართულ ხელისუფლებას გინების დაგმობა მოუწონა.

ამავე თემაზე: