"ხალხთა შორის ურთიერთობაში არანაირი ბარიერი არ უნდა არსებობდეს", — ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენების წინააღმდეგია და ამას ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამო არ გააკეთებდა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ხალხთა შორის ურთიერთობა არის ძალიან პრინციპული საკითხი და ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი არსებობს.

"რაც შეეხება კვირას საღამოს მომხდარ ფაქტს, იმ პათოლოგიურ ფრაზებს, რაც მოვისმინეთ, ეს არის სრულიად მიუღებელი ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის, მით უმეტეს მიუღებელია ეს ჩვენი ერისთვის, ერისთვის, რომელიც განსაკუთრებით ამაყობს თავისი კულტურითა და ფასეულობებით. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა, რომელიც ყოველთვის ორიენტირებულია ეროვნულ ინტერესებზე. საქართველოს წინაშე არის ძალიან მტკივნეული გამოწვევები და ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ამ გამოწვევების გადალახვა შესაძლებელია მხოლოდ ერთსულოვნებით და კონსოლიდაციით. აქედან გამომდინარე, სრულიად მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა, რომ მოხდეს ქართული საზოგადოების პოლარიზება", — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა არავის მისცემს უფლებას, საქართველო აქციოს "აგრესიული დღის წესრიგის მძევლად", როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში.

პუტინის გინება, რ2-ის პოზიცია და გამოხმაურებები

რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს აგინა. მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. გაბუნიას ქცევა არხმა კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნია და გაემიჯნა. მთავრობის წარმომადგენლებმა კი ეს ქვეყნის წინააღმდეგ ომად შეაფასეს.

კახა კალაძემ თქვა, რომ ამას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს და ქვეყნისთვის საფრთხის შექმნას არ დაუშვებენ. მსგავსი შინაარსის განცხადებები ჰქონდათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც. ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ გაბუნიას გინება საფრთხეს ქმნის და ქვეყნის მტრობაა. პრეზიდენტიც იმავე აზრზეა და ფიქრობს, რომ ეს ქცევა ან "ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება", ან "რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე".

რუსთავი 2 ამბობს, რომ გაბუნიას მიმართვას არხის თვითრეგულირების ორგანო განიხილავს, მთავრობის წარმომადგენლების მსგავსი შეფასებები კი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად მიაჩნიათ.

გაბუნიას მიმართვა უკვე შეაფასა ეთიკის ქარტიამაც. საბჭოს განცხადებით, ეს არაეთიკური განცხადებები აღვივებს ხელისუფლების მისწრაფებებს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

ამის ფონზე კი რუსთავი 2-თან აქცია გაიმართა, სადაც მოითხოვდნენ, რომ გაბუნიას დაეტოვებინა არხიც და ქვეყანაც.

გიორგი გაბუნიას მიმართვას კრიტიკულად შეხვდნენ რუსეთში. რუსეთის დუმის ზოგიერთი დეპუტატი და, მათ შორის სპიკერ ვიაჩესლავ ვოლოდინი, ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებასა და რუსეთში მის ექსტრადიციას ითხოვდნენ. რუსი დეპუტატები არა მხოლოდ გაბუნიასგან, არამედ საქართველოს ხელისუფლებისგანაც ბოდიშს მოითხვენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ქართულ ხელისუფლებას გინების დაგმობა მოუწონა.

ამავე თემაზე: