რუსეთის დუმის დეპუტატი და ფრაქცია სამართლიანი რუსეთის წევრი ოლეგ ნილოვი სხვა დეპუტატებს სთავაზობს, რომ გამოისყიდონ რუსთავი 2 და მას სახელი გადაარქვან. ამის შესახებ მან დუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

"ვიაჩესლავ ვიქტოროვიჩ [დუმის სპიკერი], ჩემი წინადადებაა — არ გავჩერდეთ შემოთავაზებულ ეკონომიკურ სანქციებზე. რატო არ მიგვაჩნია შესაძლებლად და აუცილებლად მედიასფეროში გავცეთ პასუხი? აი, ეს არხი რუსთავი 2, შევხედოთ, იქნებ არსებობს შანსი, მათ შორის რუსეთში ქართული დიასპორის დახმარებით, გამოვისყიდოთ თავისი "დამპალი შიგნეულობით". რა თქმა უნდა, გადავარქვათ სახელი, მაგალითად ბაგრატიონ 1", — აღნიშნა დუმის დეპუტატმა.

პუტინის გინება, რ2-ის პოზიცია და გამოხმაურებები

რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს აგინა. მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. გაბუნიას ქცევა არხმა კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნია და გაემიჯნა. მთავრობის წარმომადგენლებმა კი ეს ქვეყნის წინააღმდეგ ომად შეაფასეს.

კახა კალაძემ თქვა, რომ ამას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს და ქვეყნისთვის საფრთხის შექმნას არ დაუშვებენ. მსგავსი შინაარსის განცხადებები ჰქონდათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც. ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ გაბუნიას გინება საფრთხეს ქმნის და ქვეყნის მტრობაა. პრეზიდენტიც იმავე აზრზეა და ფიქრობს, რომ ეს ქცევა ან "ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება", ან "რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე".

რუსთავი 2 ამბობს, რომ გაბუნიას მიმართვას არხის თვითრეგულირების ორგანო განიხილავს, მთავრობის წარმომადგენლების მსგავსი შეფასებები კი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად მიაჩნიათ.

გაბუნიას მიმართვა უკვე შეაფასა ეთიკის ქარტიამაც. საბჭოს განცხადებით, ეს არაეთიკური განცხადებები აღვივებს ხელისუფლების მისწრაფებებს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

ამის ფონზე კი რუსთავი 2-თან აქცია გაიმართა, სადაც მოითხოვდნენ, რომ გაბუნიას დაეტოვებინა არხიც და ქვეყანაც.

გიორგი გაბუნიას მიმართვას კრიტიკულად შეხვდნენ რუსეთში. რუსეთის დუმის ზოგიერთი დეპუტატი და, მათ შორის სპიკერ ვიაჩესლავ ვოლოდინი, ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებასა და რუსეთში მის ექსტრადიციას ითხოვდნენ. რუსი დეპუტატები არა მხოლოდ გაბუნიასგან, არამედ საქართველოს ხელისუფლებისგანაც ბოდიშს მოითხვენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ქართულ ხელისუფლებას გინების დაგმობა მოუწონა.

ამავე თემაზე: