ჰომოფობიური მოძრაობის წევრი, გურამ ფალავანდიშვილი პრაიდის გამართვასთან დაკავშირებით ამბობს, რომ დეოკუპაცია და გახარია არ აინტერესებს. კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ფალავანდიშვილს ჰგონია, რომ პრაიდის ფარგლებში ღირსების მარში არ ჩატარებულა და ამბობს, რომ "მიზანი შესრულებულია".

"დაშლა გვინდა, აქ [პარლამენტთან] დგომა არ ყოფილა ჩვენ მიზანი, ჩვენი მიზანი შესრულებულია, პრაიდი არ ჩატარდა, დეოკუპაცია და გახარია მე არ მაინტერესებს. შეიძლება, ზოგი დარჩეს, ზოგს პოლიტიკური მიზანი ჰქონდეს, ჩემზე გულიანი კაცი იყოს. ვფიქრობ, ზედმეტია, არ არის საჭირო. მე ალბათ წავალ", — თქვა ფალავანდიშვილმა.

მოგვიანებით მან განმარტა, რომ გახარია არ აინტერესებს, დეოკუპაციის მოთხოვნას კი იზიარებს. წინააღმდეგობისა და უსაფრთხოების ზომების არქონის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ღირსების მარში მაინც შედგა.