საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე ჰომოფობიურ აქციაზე რამდენიმე წუთის წინ დაპირისპირება მოხდა. ქართული მარშის ლიდერის, სანდო ბრეგაძის მტკიცებით, მათი გაღიზიანება აქცია #სირცხვილიას მონაწილეების გამოჩენამ გამოიწვია. #სირცხვილიას ორგანიზატორები ამ დრომდე პარლამენტთან, ჯებირებს მიღმა, მათთვის განკუთვნილ სასცენო სივრცეში იმყოფებნოდნენ, რომელსაც ჰომოფობიური აქციის მონაწილეებისგან პოლიციის კორდონი ჰყოფდა.

ქართული მარშის მაისურიანმა პირებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, რასაც მოჰყვა დაპირისპირება. იგივე პირები შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს. On.ge-ს ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რომ აქციის მონაწილეები აგრესიულობით გამოირჩევიან. ერთ-ერთმა მათგანმა მუშაობაში ხელი შეუშალა და ხელი კრა.

დაპირისპირებამდე, დეკანოზი დავით ისაკაძე პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს დაშლისაკენ მოუწოდებდა. მისი თქმით, მიიღო პირობა, რომ "თუ ისინი დაიშლებიან, ანტისაოკუპაციო აქციაც დატოვებს რუსთაველს, ხოლო გამზირი ბანერებისაგან გასუფთავდება".

პარლამენტის წინ მყოფი აქციის მონაწილეები ისაკაძის მოწოდების მიუხედავად არ დაიშალნენ. ისაკაძის თქმით, ის ბოლომდე დარჩება რუსთაველზე და დააკვირდება, აიღებენ თუ არა მეორე აქციის ბანერებს. კორდონის მეორე მხარეს ისევ დგანან ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები, რომლებიც გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.