სახელმწიფო დუმის წევრები ვლადიმერ პუტინის მიმართ გინების გამო რუსთავი 2-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას სამართლებრივ დასჯას და რუსეთში მის ექსტრადიციას ითხოვენ.

"აუცილებელია, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მიეცეს საქართველოს წარმომადგენელი, რომელიც იქცეოდა შეუსაბამოდ, შეურაცხყოფას აყენებდა ქვეყნის ხელმძღვანელს, აუცილებელია მისი ექსტრადიცია რუსეთის ტერიტორიაზე, რათა ჩვენმა სასამართლომ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობასთან შესაბამისად პასუხისმგებლობა დააკისროს", — განაცხადა დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

რამდენიმე თვის წინ რუსეთში ამოქმედდა კანონი, რომელიც პრეზიდენტის, მთავრობის და სახელმწიფო ორგანოების საჯარო შეურაცხყოფას კრძალავს.

პუტინის გინება, რ2-ის პოზიცია და გამოხმაურებები

რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს აგინა. მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. გაბუნიას ქცევა არხმა კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნია და გაემიჯნა. მთავრობის წარმომადგენლებმა კი ეს ქვეყნის წინააღმდეგ ომად შეაფასეს.

კახა კალაძემ თქვა, რომ ამას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს და ქვეყნისთვის საფრთხის შექმნას არ დაუშვებენ. მსგავსი შინაარსის განცხადებები ჰქონდათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც. ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ გაბუნიას გინება საფრთხეს ქმნის და ქვეყნის მტრობაა. პრეზიდენტიც იმავე აზრზეა და ფიქრობს, რომ ეს ქცევა ან "ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება", ან "რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე".

რუსთავი 2 ამბობს, რომ გაბუნიას მიმართვას არხის თვითრეგულირების ორგანო განიხილავს, მთავრობის წარმომადგენლების მსგავსი შეფასებები კი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად მიაჩნიათ.

გაბუნიას მიმართვა უკვე შეაფასა ეთიკის ქარტიამაც. საბჭოს განცხადებით, ეს არაეთიკური განცხადებები აღვივებს ხელისუფლების მისწრაფებებს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

ამის ფონზე კი რუსთავი 2-თან აქცია გაიმართა, სადაც მოითხოვდნენ, რომ გაბუნიას დაეტოვებინა არხიც და ქვეყანაც. ანტიოპოზიციური და პროსახელისუფლებო ფეიჯები, ასევე, ძალადობრივი ჯგუფები და ქართული ოცნების მხარდამჭერები მოსახლეობას მოუწოდებდნენ, რომ "არ შეარჩიონ გაბუნიას" მომხდარი.

ამავე თემაზე: