პირველი პრაიდი, წინააღმდეგობების მიუხედავად, თბილისში 8 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ გაიმართა. ლგბტ თემის წევრებმა საკუთარი სათქმელი მაინც თქვეს, ხმამაღლა, თამამად, პოლიციის კორდონისა და ყვითელი ავტობუსების გარეშე, გააპროტესტეს, მოითხოვეს და არ დათმეს საჯარო სივრცე...

ღირსების მარში, რომელიც ჯერ კიდევ ივნისის თვეში, პრაიდის კვირეულის დასასრულს უნდა გამართულიყო, ბევრჯერ გადაიდო. მიზეზი, უმეტესად, ლგბტ თემის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებული უსაფრთხოება იყო. შსს-მ თქვა, რომ პრაიდის მონაწილეებს ვერ დაიცავდა.

დახურული ჯგუფებიდან ღირსების მარშის ადგილი და დრო რამდენჯერმე გასაჯაროვდა. ამის გამო პრაიდის ორგანიზატორებს ყოველ ჯერზე გადაწყვეტილების შეცვლა ან გამოხატვის უფლებაზე უარის თქმა უწევდათ.

ასე მოხდა 8 ივლისსაც, დილის რვა საათზე, ყველა მონაწილემ მიიღო შეტყობინება, რომ პრაიდი აღარ გაიმართებოდა. მიზეზი ჰომოფობიურ ჯგუფებში მარშის ადგილისა და დროის შესახებ ინფორმაციის გაჟონვა იყო.

ჯერ კიდევ 7 ივნისს, გვიან ღამით, სოციალურ ქსელში კონტრაქციის მონაწილეებს შს სამინისტროსთან მისვლა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა მოუწოდა. სწორედ იქ, სადაც დილის 9 საათზე მსვლელობა უნდა დაწყებულიყო.

ამის მიუხედავად, ლევან ვასაძის, გურამ ფალავანდიშვილის, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლები და მხარდამჭერები თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ადგილზე "პატრულირებდნენ" და იმუქრებოდნენ, რომ ლგბტ თემს პრაიდის გამართვის უფლებას არ მისცემდნენ. უშედეგო "მორიგეობის შემდეგ" ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტთან შეიკრიბნენ და პრაიდის აკრძალვა მოითხოვეს. იმავეს მოითხოვენ ახლაც...

შსს-სგან უსაფრთხოების გარანტიების არქონისა და თბილისის მასშტაბით მობილიზებული ძალადობრივი ჯგუფების მიუხედავად, ღირსების მარში მაინც გაიმართა. არა იმ ფორმით, როგორც თავდაპირვლად იყო დაგეგმილი, მაგრამ მაინც...

თბილისი პრაიდის ორგანიზატორები შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ლგბტ დროშებითა და საპროტესტო ბანერებით მივიდნენ. აქცია-მსვლელობა შსს-სთან, დაახლოებით, ნახევარი საათი გაგრძელდა და დროზე ადრე დასრულდა, მას შემდეგ, რაც ლევან ვასაძის რადიკალთა დაჯგუფება რუსთაველის გამზირიდან სამინისტროსკენ დაიძრა.

ამავე თემაზე: მარში ღირსებისთვის შედგა