რუსთავი 2-მა გიორგი გაბუნიას გადაცემის წაყვანა 2 თვით შეუზღუდა. შესაბამისი გადაწყვეტილება არხის თვითრეგულირების ორგანომ მიიღო.

"თვითრეგულირების ორგანომ, საკუთარი ინიციტივით განიხილა 7 ივლისს გადაცემა პოსტ სკრიპტუმში, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ მომზადებული საავტორო ტექსტი, რომელიც მან გადაცემის შესავალ ნაწილში წარმოთქვა. თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას, სრულად შეუჩერდა უფლებამოსილება ორი თვით, ეს შეზღუდვა ეხება ყველა იმ გადაცემას, რომელსაც იგი ამზადებს ან/და მიჰყვას (არჩევანი, P.S.)", — აღნიშნულია არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პუტინის გინება, რ2-ის პოზიცია და გამოხმაურებები

რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს აგინა. მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. გაბუნიას ქცევა არხმა კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნია და გაემიჯნა. მთავრობის წარმომადგენლებმა კი ეს ქვეყნის წინააღმდეგ ომად შეაფასეს.

კახა კალაძემ თქვა, რომ ამას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს და ქვეყნისთვის საფრთხის შექმნას არ დაუშვებენ. მსგავსი შინაარსის განცხადებები ჰქონდათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც. ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ გაბუნიას გინება საფრთხეს ქმნის და ქვეყნის მტრობაა. პრეზიდენტიც იმავე აზრზეა და ფიქრობს, რომ ეს ქცევა ან "ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება", ან "რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე".

რუსთავი 2 ამბობს, რომ გაბუნიას მიმართვას არხის თვითრეგულირების ორგანო განიხილავს, მთავრობის წარმომადგენლების მსგავსი შეფასებები კი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად მიაჩნიათ.

გაბუნიას მიმართვა უკვე შეაფასა ეთიკის ქარტიამაც. საბჭოს განცხადებით, ეს არაეთიკური განცხადებები აღვივებს ხელისუფლების მისწრაფებებს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

ამის ფონზე კი რუსთავი 2-თან აქცია გაიმართა, სადაც მოითხოვდნენ, რომ გაბუნიას დაეტოვებინა არხიც და ქვეყანაც. ანტიოპოზიციური და პროსახელისუფლებო ფეიჯები, ასევე, ძალადობრივი ჯგუფები და ქართული ოცნების მხარდამჭერები მოსახლეობას მოუწოდებდნენ, რომ "არ შეარჩიონ გაბუნიას" მომხდარი.

ამავე თემაზე: