ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ვეტერინარულ კლინიკაში ძალიან უცნაური პაციენტი მიიყვანეს, რომლის დანახვამაც იქ მყოფ ადამიანებს აფიქრებინა, რომ ნამდვილი მეცნიერული აღმოჩენის მომსწრენი იყვნენ.

კლინიკაში მიყვანამდე ეს ფორთოხლისფერი ფრინველი კეთილმა ადამიანებმა გზის პირას შენიშნეს და გადაწყვიტეს, რომ ეგზოტიკური ცხოველის სიცოცხლის შესანარჩუნებლად დაუყოვნებლივ უნდა ემოქმედათ.

თუმცა, ექიმების გადარჩენილი ეგზოტიკური არსება დაბანის შემდეგ ძალიან, ძალიან ჩვეულებრივი თოლია აღმოჩნდა.

"ფორთოხლისფერი ფრინველი კეთილი ადამიანების დახმარებით გადავარჩინეთ, რომლებმაც ის გზაზე იპოვეს, ჩვენთან მოიყვანეს და გვითხრეს, რომ ეს განსკუთრებული, აქამდე არნახული ცხოველი იყო. დაბანის შემდეგ კი ის საღებავში ამოსვრილი თოლია აღმოჩნდა", — წერს ვეტერინარული კლინიკა საკუთარ ფეისბუქზე.

ფოტო: Tiggywinkles Wildlife Hospital

იღბლიანი თოლია კი ახლა უკვე არაჩვეულებრივად გრძნობს თავს და მალე სრულიად მზად იქნება, რომ მშობლიურ ველურ ბუნებას დაუბრუნდეს.