რუსეთის დუმაში ედინაია როსიას ფრაქცია საქართველოდან ღვინისა და წყლის იმპორტის, ასევე ფულადი გზავნილების აკრძალვის საკითხს წამოწევს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა TASS ავრცელებს.

როგორც ფრაქციის ხელმძღვანელმა და ვიცე-სპიკერმა სერგეი ნევეროვმა განაცხადა, ეს აკრძალვები საჭიროა, რადგან ის "არამეგობრული დამოკიდებულება, რომელიც რუსი ტურისტების მიმართ ვლინდება, ადეკვატურად უნდა შეფასდეს".

რუსეთმა საქართველოს ე.წ. ტურისტული ემბარგო უკვე დაუწესა. 8 ივლისიდან რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები შეიზღუდა.

ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები აუკრძალა. ხოლო, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენები ეკრძალება. ორივე შეზღუდვა დღეიდან, 8 ივლისიდან მოქმედებს.

"რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად" ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელშიც პუტინი აცხადებს, რომ რუსულ ავიაკომპანიებს, მათ შორის კომერციულებს დროებით ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით ფრენა.

დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი შეიცავს "რეკომენდაციას" ტურისტული სააგენტოების მიმართ, რომ არ შესთავაზონ მომხმარებლებს საქართველოში ტრანსპორტირება. ამ მუხლში არ კონკრეტდება ეხება საუბარია თუ არა, ტრანსპორტის სხვა ფორმებზე.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ქართული ავიაკომპანიებს ფრენები რუსეთის მიმართულებით აღდგება მას შემდეგ, რაც დადასტურდება საავიაციო უსაფრთხოება და საქართველო სანავიგაციო მომსახურებისთვის დაგროვებულ დავალიანებას გადაიხდის. სამინისტროს თქმით, საქართველოს მხარეს 792 543,19 აშშ დოლარისა (2 195 344,61 ლარი) და 592 251,95 (25 999,02)რუსული რუბლის ოდენობის დავალიანება აქვს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართულმა მხარემ დავალიანება ჯერ კიდევ 2008 წელს აღიარა და მას შემდეგ არ გადაუხდია.

რუსეთმა საქართველოს "ტურისტული ემბარგო" 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაუწესა. ამ დღეს საქართველოში მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წაყვანის დროს სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ და თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს, გავრილოვს კი დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თავმჯდომარის ადგილას ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, არ უნდა იჯდეს.

საბოლოოდ, ასამბლეის სესია შეწყდა და რუსმა დეპუტატებმა ქვეყანა დატოვეს. გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მოქალაქეების სანტისაოკუპაციო აქციები უკვე 19 დღეა გრძელდება.