ქართული წარმომავლობის რუსი მომღერალი, დიანა ღურწკაია ამბობს, რომ რუსთავი 2-ის ეთერში ვლადიმერ პუტინის გინების გამო საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოს. ამის შესახებ ღურწკაია სახელისუფლებო გამოცემა Ria-ს ესაუბრა.

"ეს ძალიან სამარცხვინოა. ელდა მეცა, როდესაც ჟურნალისტის განცხადება მოვისმინე. ტელევიზიაში მსგავსი გამონათქვამები ვინმეს მისამართით უბრალოდ დაუშვებელია. მნიშვნელობა არ აქვს, ჟურნალისტს ფსიქიკური პრობლემები აქვს, თუ ეს მიზანმიმართული პროვოკაცია და ჰეროსტრატეს დიდების სურვილია. მის ქმედებებს ხელისუფლებამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაბამისი შეფასება უნდა მისცე", — აღნიშნა მომღერალმა.

რამდენიმე კვირის წინ დიანა ღურწკაიამ 20 ივნისის აქციების მოვლენების გამო ბოდიში მოუხადა "ერთმორწმუნე დებსა და ძმებს, ვისი ღონისძიებაც საქართველოში ჩაიშალა". დიანა ღურწკაიამ 2008 წელს საქართველო ევროვიზიაზე წარადგინა.

პუტინის გინება, რ2-ის პოზიცია და გამოხმაურებები

რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს აგინა. მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. გაბუნიას ქცევა არხმა კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნია და გაემიჯნა. მთავრობის წარმომადგენლებმა კი ეს ქვეყნის წინააღმდეგ ომად შეაფასეს.

კახა კალაძემ თქვა, რომ ამას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს და ქვეყნისთვის საფრთხის შექმნას არ დაუშვებენ. მსგავსი შინაარსის განცხადებები ჰქონდათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც. ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ გაბუნიას გინება საფრთხეს ქმნის და ქვეყნის მტრობაა. პრეზიდენტიც იმავე აზრზეა და ფიქრობს, რომ ეს ქცევა ან "ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება", ან "რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე".

რუსთავი 2 ამბობს, რომ გაბუნიას მიმართვას არხის თვითრეგულირების ორგანო განიხილავს, მთავრობის წარმომადგენლების მსგავსი შეფასებები კი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად მიაჩნიათ.

გაბუნიას მიმართვა უკვე შეაფასა ეთიკის ქარტიამაც. საბჭოს განცხადებით, ეს არაეთიკური განცხადებები აღვივებს ხელისუფლების მისწრაფებებს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

ამის ფონზე კი რუსთავი 2-თან აქცია გაიმართა, სადაც მოითხოვდნენ, რომ გაბუნიას დაეტოვებინა არხიც და ქვეყანაც. ანტიოპოზიციური და პროსახელისუფლებო ფეიჯები, ასევე, ძალადობრივი ჯგუფები და ქართული ოცნების მხარდამჭერები მოსახლეობას მოუწოდებდნენ, რომ "არ შეარჩიონ გაბუნიას" მომხდარი.