ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ულტრა-ნაციონალისტური ჯგუფების საქმიანობის სამართლებრივ შეფასებას აკეთებს. ორგანიზაციის განცხადებით, რადიკალური ჯგუფების გამოსვლის დროს, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მკაცრად დაიცვას ადამიანის უფლებების სტანდარტები:

"27 სექტემბერს ჩატარებული მსვლელობის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი აჩვენებს, რომ შეკრების მონაწილეები თავდაპირველად მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროში ექცეოდნენ, თუმცა აღმაშენებლის გამზირზე მათი ძალადობრივი ქცევის შემდეგ ისინი გავიდნენ შეკრების თავისუფლებით დაცული სფეროდან და ამ გზით სახელმწიფოს უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი შეუქმნეს.

ცხადია, შეკრების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროს სახელმწიფოს სათანადოდ უნდა შეეფასებინა აქციის მონაწილეების ძალადობის მასშტაბი და ის ფაქტობრივი გარემოება, თუ რამდენად შესაძლებლი იყო სამართალდამრღვევი პირების იზოლაცია შეკრების დანარჩენი მონაწილეებისგან, ისე რომ შეკრების მშვიდობიან ფორმატში გაგრძელება შესაძლებელი გამხდარიყო".

EMC წერს, რომ პოლიციის მხრიდან შეკრების მონიტორინგისა და მართვის არასწორმა სტრატეგიამ ძალადობის გავრცელებასა და ესკალაციას შეუწყო ხელი:

"აქციის მონაწილეების მიერ ადგილზე რასისტული მოტივით ჩადენილი ვანდალიზმისა და ძალადობის ფაქტები, პოლიციის დროულ რეაგირებას და კონკრეტული სამართალდამრღვევი პირების იზოლაციას ითხოვდა".

EMC-ის განცხადებით, სასჯელის გამოყენების ნაწილში სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, კონკრეტული პირების როლი ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების დროს. ასევე, ჯგუფში მათი პოზიცია და წარსულში ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტები. ასევე სამართალდამრღვევი პირების ასაკი და შესაძლო მოწყვლადობასთან დაკავშირებული გარემოებები.

EMC ასევე საჭიროდ მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ გაიაზროს ის სოციალური და პოლიტიკური მიზეზები, რომლებიც მსგავსი ჯგუფების გაჩენასა და მათ ანტისოციალურ ქცევას შეიძლება განაპირობებდეს.