უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს არხი, პრამოი გინების ფლეშმობით რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, გიორგი გაბუნიას მხარდაჭერას გამოუცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ წყაროაზე დაყრდნობით უკრაინული გამოცემა Strana.ua ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ფლეშმობი ოთხშაბათს, 10 ივლისს მოეწყობა, სხვა დეტალები კი ჯერ უცნობია.

პუტინის გინება, რ2-ის პოზიცია და გამოხმაურებები

რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს აგინა. მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. გაბუნიას ქცევა არხმა კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნია და გაემიჯნა. მთავრობის წარმომადგენლებმა კი ეს ქვეყნის წინააღმდეგ ომად შეაფასეს.

კახა კალაძემ თქვა, რომ ამას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს და ქვეყნისთვის საფრთხის შექმნას არ დაუშვებენ. მსგავსი შინაარსის განცხადებები ჰქონდათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც. ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ გაბუნიას გინება საფრთხეს ქმნის და ქვეყნის მტრობაა. პრეზიდენტიც იმავე აზრზეა და ფიქრობს, რომ ეს ქცევა ან "ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება", ან "რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე".

რუსთავი 2 ამბობს, რომ გაბუნიას მიმართვას არხის თვითრეგულირების ორგანო განიხილავს, მთავრობის წარმომადგენლების მსგავსი შეფასებები კი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად მიაჩნიათ.

გაბუნიას მიმართვა უკვე შეაფასა ეთიკის ქარტიამაც. საბჭოს განცხადებით, ეს არაეთიკური განცხადებები აღვივებს ხელისუფლების მისწრაფებებს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

ამის ფონზე კი რუსთავი 2-თან აქცია გაიმართა, სადაც მოითხოვდნენ, რომ გაბუნიას დაეტოვებინა არხიც და ქვეყანაც. ანტიოპოზიციური და პროსახელისუფლებო ფეიჯები, ასევე, ძალადობრივი ჯგუფები და ქართული ოცნების მხარდამჭერები მოსახლეობას მოუწოდებდნენ, რომ "არ შეარჩიონ გაბუნიას" მომხდარი.