რუსთავი 2-თან აქციის მონაწილეებმა დაშლა და იმავე დღეს ღამით შეკრება გადაწყვიტეს. მათი თქმით, დღეს დაუგეგმავი აქცია ჰქონდათ, ახლა კი გააგებინებენ სხვებსაც და უფრო ორგანიზებულად გააპროტესტებენ წამყვანის, გიორგი გაბუნიას ქმედებას.

მათი თქმით, თუ ხვალ საღამომდე "შესაბამისი რეაგირება" არ იქნება და ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია არხს არ დატოვებენ, აქცია განახლდება. გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ რუსთავი 2-მა შეწყვიტოს მაუწყებლობა და ყველა სამართალდამცავმა ორგანომ: "სუსმა, პროკურატურამ, შსს-მ დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება "ჩადენილ დანაშაულზე".

რუსთავი 2-თან აგრესიული ჯგუფები რამდენიმე საათია არიან შეკრებილები. ისინი კვერცხებით და ცოცხებით იყვნენ და ჯერ გაბუნიასა და გვარამიას გადადგომას, შემდეგ კი დასჯას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეები აგრესიულად მოუწოდებენ არხის თანამშრომლებს დეტოვებინათ ტელევიზია. რუსთავი 2-ის ერთმა ოპერატორმა აქციის მსვლელობისას მუშაობა შეწყვიტა, კამერა ეზოში დატოვა და ტელევიზიიდან წავიდა.

ასევე, აქციის მონაწილეები აქებდნენ შს მინისტრ გიორგი გახარიასაც და ამბობდნენ, რომ ის არ უნდა გადადგეს.

რუსთავი 2-მა მაუწყებლობა შეწყვიტა. დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მოუწოდა მთავრობას, დაიცვას არხის თანამშრომლების უსაფრთხოება. მისი თქმით, ეთერში არ გავლენ იქამდე, სანამ უსაფრთხოების გარანტიას არ მიიღებენ. შსს-მ განაცხადა, რომ იცავენ წესრიგს აქციაზე და არხის თანამშრომლების უსაფრთხოებას.

პუტინის გინება, რ2-ის პოზიცია და გამოხმაურებები

რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს აგინა. მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. გაბუნიას ქცევა არხმა კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნია და გაემინჯა. მთავრობის წარმომადგენლებმა კი ეს ქვეყნის წინააღმდეგ ომად შეაფასეს.

კახა კალაძემ თქვა, რომ ამას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს და ქვეყნისთვის საფრთხის შექმნას არ დაუშვებენ. მსგავსი შინაარსის განცხადებები ჰქონდათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც. ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ გაბუნიას გინება საფრთხეს ქმნის და ქვეყნის მტრობაა. პრეზიდენტიც იმავე აზრზეა და ფიქრობს, რომ ეს ქცევა ან "ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება", ან "რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე".

რუსთავი 2 ამბობს, რომ გაბუნიას მიმართვას არხის თვითრეგულირების ორგანო განიხილავს, მთავრობის წარმომადგენლების მსავსი შეფასებები კი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად მიაჩნიათ.

გაბუნიას მიმართვა უკვე შეაფასა ეთიკის ქარტიამაც. საბჭოს განცხადებით, ეს არაეთიკური განცხადებები აღვივებს ხელისუფლების მისწრაფებებს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

ამის ფონზე კი რუსთავი 2-თან აქცია მიმდინარეობს, სადაც მოითხოვენ, რომ გაბუნიამ დატოვოს არხიც და ქვეყანაც. ანტიოპოზიციური და პროსახელისუფლებო ფეიჯები, ასევე, ძალადობრივი ჯგუფები და ქართული ოცნების მხარდამჭერები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ "არ შეარჩიონ გაბუნიას" მომხდარი.