რუსთავი 2-მა მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა. არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მოუწოდა ყველა ჟურნალისტს დატოვონ პირდაპირი ეთერი და დაბრუნდნენ არხის შენობაში, რადგან გარეთ მათი მუშაობა საფრთხისშემცველია.

გვარამიამ განაცხადა, რომ არხთან მიმდინარე აქცია არის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული და მოუწოდა მთავრობას, რომ დაიცვას არხის თანამშრომლები. მანამდე კი რუსთავი 2 მაუწყებლობას შეწყვეტს.

გვარამიამ აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნის გამო გიორგი გაბუნიას არ გაათავისუფლებენ. მისი თქმით, რა შეცდომაც არ უნდა დაეშვა გაბუნიას, ძალადობრივ ჯგუფებს მის თავს "საჯიჯგნად არ მიუგდებენ".

რუსთავი 2-ის შენობასთან წამყვანის გიორგი გაბუნიას ქმედების გასაპროტესტებლად აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა ნაწილს თან აქვთ კვერცხები და ცოცხები. ისინი აგრესიულ მოწოდებებს ავრცელებენ და სხვადასხვა მოთხოვნას აყენებენ. თავდაპირველად მათ მოთხოვეს ბოდიში მოეხადა გაბუნიას, შემდეგ არხიდან გვარამიასა და გაბუნიას წასვლა და ტელევიზიის დახურვა. ახლა კი აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ არა ბოდიში, არამედ დირექტორისა და წამყვანის დასჯა სურთ.

ასევე აგრესიულად მოუწოდებენ არხის თანამშრომლებს დატოვონ ტელევიზია. რუსთავი 2-ის ერთმა ოპერატორმა აქციის მსვლელობისას მუშაობა შეწყვიტა, კამერა ეზოში დატოვა და ტელევიზიდან წავიდა.

პუტინის გინება, რ2-ის პოზიცია და გამოხმაურებები

რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს აგინა. მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. გაბუნიას ქცევა არხმა კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნია და გაემინჯა. მთავრობის წარმომადგენლებმა კი ეს ქვეყნის წინააღმდეგ ომად შეაფასეს.

კახა კალაძემ თქვა, რომ ამას მკაცრი რეაგირება უნდა მოყვეს და ქვეყნისთვის საფრთხის შექმნას არ დაუშვებენ. მსგავსი შინაარსის განცხადებები ჰქონდათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც. ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ გაბუნიას გინება საფრთხეს ქმნის და ქვეყნის მტრობაა. პრეზიდენტიც იმავე აზრზეა და ფიქრობს, რომ ეს ქცევა ან "ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება", ან "რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე".

რუსთავი 2 ამბობს, რომ გაბუნიას მიმართვას არხის თვითრეგულირების ორგანო განიხილავს, მთავრობის წარმომადგენლების მსავსი შეფასებები კი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად მიაჩნიათ.

გაბუნიას მიმართვა უკვე შეაფასა ეთიკის ქარტიამაც. საბჭოს განცხადებით, ეს არაეთიკური განცხადებები აღვივებს ხელისუფლების მისწრაფებებს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

ამის ფონზე კი რუსთავი 2-თან აქცია მიმდინარეობს, სადაც მოითხოვენ, რომ გაბუნიამ დატოვოს არხიც და ქვეყანაც. ანტიოპოზიციური და პროსახელისუფლებო პეიჯები, ასევე, ძალადობრივი ჯუფები და ქართული ოცნების მხარდამჭერები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ "არ შეარჩიონ გაბუნიას" მომხდარი.