რუსთავი 2-ის შენობასთან წამყვანის გიორგი გაბუნიას ქმედების გასაპროტესტებლად აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა ნაწილს თან აქვს კვერცხები და ცოცხები. ისინი აგრესიულ მოწოდებებს ავრცელებენ და საერთო მოთხოვნებზე ვერ თანხმდებიან.

თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა მოსთხოვეს, ბოდიში მოეხადა გაბუნიას, შემდეგ არხიდან გვარამიასა და გაბუნიას წასვლა და ტელევიზიის დახურვა. ახლა კი აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ არა ბოდიში, არამედ დირექტორისა და წამყვანის დასჯა სურთ.

როგორც On.ge-ს ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება აქციის მონაწილეთა ნაწილი აგრესიულია და მოუწოდებენ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს, დატოვონ კამერები და წავიდნენ ტერიტორიიდან და სამსახურიდან. რუსთავი 2-ის ერთმა ოპერატორმა აქციის მსვლელობისას მუშაობა შეწყვიტა, კამერა ეზოში დატოვა და ტელევიზიიდან წავიდა.

პუტინის გინება, რ2-ის პოზიცია და გამოხმაურებები

რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტსა აგინა. მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. გაბუნიას ქცევა არხმა კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნია და გაემიჯნა. მთავრობის წარმომადგენლებმა კი ეს ქვეყნის წინააღმდეგ ომად შეაფასეს.

კახა კალაძემ თქვა, რომ ამას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს და ქვეყნისთვის საფრთხის შექმნას არ დაუშვებენ. მსგავსი შინაარსის განცხადებები ჰქონდათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც. ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ გაბუნიას გინება საფრთხეს ქმნის და ქვეყნის მტრობაა. პრეზიდენტიც იმავე აზრზეა და ფიქრობს, რომ ეს ქცევა ან "ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება", ან "რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე".

რუსთავი 2 ამბობს, რომ გაბუნიას მიმართვას არხის თვითრეგულირების ორგანო განიხილავს, მთავრობის წარმომადგენლების მსგავსი შეფასებები კი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად მიაჩნიათ.

გაბუნიას მიმართვა უკვე შეაფასა ეთიკის ქარტიამაც. საბჭოს განცხადებით, ეს არაეთიკური განცხადებები აღვივებს ხელისუფლების მისწრაფებებს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

ამის ფონზე კი რუსთავი 2-თან აქცია მიმდინარეობს, სადაც მოითხოვენ, რომ გაბუნიამ დატოვოს არხიც და ქვეყანაც. ანტიოპოზიციური და პროსახელისუფლებო ფეიჯები, ასევე, ძალადობრივი ჯგუფები და ქართული ოცნების მხარდამჭერები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ "არ შეარჩიონ გაბუნიას" მომხდარი.