ქართული ოცნების ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პირდაპირ ეთერში გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმერ პუტინის გინება "მზაკვრული შეთქმულებაა" ისევე, როგორც "'ე.წ ლგბტ წარმომადგენლების პროვოკაციული მარში". მისი თქმით, მარში ნაციონალური მოძრაობის მიერ არის ორგანიზებული.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ"ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე" აფიქსირებს აზრს და რუსთავი 2-სა და ნაციონალურ მოძრაობას ყველაზე ანტისახელმწიფოებრივ ძალად მიიჩნევს.

"ეს არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელიც ყოველდღე გეგმავს და ახორციელებს საშიშ პროვოკაციებს სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ", — წერს ის ფეისბუქზე.

პუტინის გინება, რ2-ის პოზიცია და გამოხმაურებები

რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის ფედრაციის პრეზიდენტს აგინა. მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. გაბუნიას ქცევა არხმა კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნია და გაემინჯა. მთავრობის წარმომადგენლებმა კი ეს ქვეყნის წინააღმდეგ ომად შეაფასეს.

კახა კალაძემ თქვა, რომ ამას მკაცრი რეაგირება უნდა მოყვეს და ქვეყნისთვის საფრთხის შექმნას არ დაუშვებენ. მსგავსი შინაარსი განცხადებები ჰქონდათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც. ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ გაბუნიას გინება საფრთხეს ქმნის და ქვეყნის მტრობაა. პრეზიდენტიც იმავე აზრზეა და ფიქრობს, რომ ეს ქცევა ან "ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება", ან "რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე".

რუსთავი 2 ამბობს, რომ გაბუნიას მიმართვას არხის თვითრეგულირების ორგანო განიხილავს, მთავრობის წარმომადგენლების მსავსი შეფასებები კი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად მიაჩნიათ.

გაბუნიას მიმართვა უკვე შეაფასა ეთიკის ქარტიამაც. საბჭოს განცხადებით, ეს არაეთიკური განცხადებები აღვივებს ხელისუფლების მისწრაფებებს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

ამის ფონზე კი რუსთავი 2-თან აქცია მიმდინარეობს, სადაც მოითხოვენ, რომ გაბუნიამ დატოვოს არხიც და ქვეყანაც. ანტიოპოზიციური და პროსახელისუფლებო ფეიჯები, ასევე, ძალადობრივი ჯგუფები და ქართული ოცნების მხარდამჭერები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ "არ შეარჩიონ გაბუნიას" მომხდარი.