საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გმობს რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმერ პუტინისა და მისი გარდაცვლილი მშობლების გინებას. მისი თქმით, ეს მეზობელი ქვეყნის მეთაურისადმი პროვოკაცია და შეურაცხყოფაა.

აქვე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ეს ქცევა ან "ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება", ან "რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე".

"პატრიოტიზმი სხვა რამ არის და ქვეყნის ინტერესების დაცვა აგრესიით, დესტაბილიზაციითა და არეულობით არ ხდება. ჩვენი გზა მშვიდობიანი გზა არის, ჩვენი პერსპექტივა ევროპაა, ჩვენი ძალა კი სტაბილურობა", — განაცხადა მან.

მისი თქმით, გაბუნიამ ის "იკადრა, რაც საქართველოსთვის უკადრებელია და სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს".

გაბუნიას შეურაცხმყოფელი ქცევა არხმა კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნია და გაემინჯა. მთავრობის წარმომადგენლებმა კი ეს ქვეყნის წინააღმდეგ ომად შეაფასეს. კახა კალაძემ თქვა, რომ ამას მკაცრი რეაგირება უნდა მოყვეს და ქვეყანისთვის საფრთხის შექმნას არ დაუშვებენ. მსგავსი შინაარსის განცხადებები ჰქონდათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც. ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ გაბუნიას გინება საფრთხეს ქმნის და ქვეყნის მტრობაა.

რუსთავი 2 ამბობს, რომ გაბუნიას მიმართვას არხის თვითრეგულირების ორგანო განიხილავს, მთავრობის წარმომადგენლების მსგავსი შეფასებები კი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაა.

გაბუნიას მიმართვა უკვე შეაფასა ეთიკის ქარტიამაც. საბჭოს განცხადებით, ეს არაეთიკური განცხადებები აღვივებს ხელისუფლების მისწრაფებებს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

გაბუნიას გინება ეთერში და არხის პოზიცია

რუსთავი 2-ის გადაცემა P.S-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აგინა. რუსულენოვან მიმართვაში მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი დედაც. გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ კვირის აქცენტების სპეციალურ ეთერში განაცხადა, რომ მომხდარი კატეორიულად დაუშვებელი და მიუღებელია. არხი კატეგორიულად არ იზიარებს გიორგი გაბუნიას დამოკიდებულებას.

გვარამიამ განმარტა, რომ არხი არ ეთანხმება გამოხატვის მსაგვს ფორმას, მიუხედავად იმისა, რომ იზიარებენ წამყვანის პოზიციას. მისი თქმით, ეს ქცევა არ შეესაბამება არხის სარედაქციო პოლიტიკას და მაღალ სტანდარტს.

გვარამიას განცხადებით, გამოხატვის მაღალი თავისუფლება, რომელსაც რუსთავი 2 ანიჭებს მასთან დასაქმებულს, ითვალისწინებს მაღალ პასუხისმებლობასაც. მისი თქმით, მომხდარს ტელევიზიის თვითრეგულირების ორგანო განიხილავს.

გაიგეთ მეტი: