პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე გადაცემა P.S.-ში გიორგი გაბუნიას მიერ პუტინის გინებას ეხმაურება.

"იმაში, რაც დღეს ნაცმოძრაობამ და მისმა ტელევიზიამ გააკეთეს, სინამდვილეში, ახალი არაფერია - ეს იყო უბრალოდ კულმინაცია, კულმინაცია იმ ყველაფრის, რასაც ავანტურისტების ეს "შპანა" მთელი ამ წლების განმავლობაში აკეთებდა".

Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გაბუნიას განცხადება ან "ქაჯობაა" ან "საკუთარი ქვეყნის მტრობა".

"სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრისთვის პასუხის გაცემა მთელი ეს წლები რაღაცნაირად გვეთაკილებოდა. თუ უფრო თამამად დავუპირისპირდებით ქაჯობას და მტრობას, ჩვენი ქვეყანა უფრო სწრაფად წავა წინ - სიმშვიდისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროპისკენ და ნატოსკენ!“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მსგავსი შინაარსის განცხადებები გააკეთეს ასევე პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ გაბუნიას გინება სახიფათო პროვოკაციაა.

გაბუნიას გინება ეთერში და არხის პოზიცია

რუსთავი 2-ის გადაცემა პოსტსკრიპტუმის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აგინა. რუსულენოვან მიმართვაში მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი დედაც. გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ კვირის აქცენტების სპეციალურ ეთერში განაცხადა, რომ მომხდარი კატეორიულად დაუშვებელი და მიუღებელია. არხი კატეგორიულად არ იზიარებს მსგავს დამოკიდებულებას.

გვარამიამ განმარტა, რომ არხი არ ეთანხმება გამოხატვის მსაგვს ფორმას, მიუხედავად იმისა, რომ გაბუნიას პოზიციას იზიარებს. მისი თქმით, ეს ქცევა არ შეესაბამება არხის სარედაქციო პოლიტიკას და მაღალ სტანდარტს.

გაბუნიას მიმართვა უკვე შეაფასა ეთიკის ქარტიამ. საბჭოს განცხადებით, ეს არაეთიკური განცხადებები აღვივებს ხელისუფლების მისწრაფებებს, შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

გვარამიას განცხადებით, გამოხატვის მაღალი თავისუფლება, რომელსაც რუსთავი 2 ანიჭებს მასთან დასაქმებულს, ითვალისწინებს მაღალ პასუხისმებლობასაც და მომხდარს ტელევიზიის თვითრეგულირების ორგანო განიხილავს.