ქალაქის მერი და ქართული ოცნების გენერალური თავმჯდომარე კახა კალაძე ფიქრობს, რომ რუსთავი 2-ის ეთერში გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმერ პუტინისა და მისი გარდაცვლილი ოჯახის წევრების გინებაზე მკაცრი რეაგირებაა საჭირო. მისი თქმით, ეს საქციელი საკუთარი ქვეყნის მტრობაა.

კალაძე ფიქრობს, რომ პუტინის გინებამ შეიძლება საომარი მოქმედება გამოიწვიოს. ამის არგუმენტად მას წინა წლებში განვითარებული მოვლენები მოჰყავს. მისი თქმით, ამას არ დაუშვებენ.

"ერთხელ უკვე ვნახეთ იგივე პოლიტიკური ძალის მიერ ასეთი მტრობით უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანილი ქვეყანა. მეორედ ამის დაშვება არ შეიძლება. არც დავუშვებთ!" — განაცხადა მან.

მსგავსი შინაარსის განცხადებები ჰქონდათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც. ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ გაბუნიას გინება საფრთხეს ქმნის და ქვეყნის მტრობაა.

რუსთავი 2-მა დაუშვებლად მიიჩნია გაბუნიას ქცევა და გაემიჯნა. აქვე არხი აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსების მსგავსი შეფასებები სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაა.

გაბუნიას მიმართვა უკვე შეაფასა ეთიკის ქარტიამაც. საბჭოს განცხადებით, ეს არაეთიკური განცხადებები აღვივებს ხელისუფლების მისწრაფებებს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

გაბუნიას გინება ეთერში და არხის პოზიცია

რუსთავი 2-ის გადაცემა P.S.-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აგინა. რუსულენოვან მიმართვაში მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი დედაც. გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ კვირის აქცენტების სპეციალურ ეთერში განაცხადა, რომ მომხდარი კატეორიულად დაუშვებელია. არხი კატეგორიულად არ იზიარებს მსგავს დამოკიდებულებას.

გვარამიამ განმარტა, რომ არხი კატეგორიულად არ იზიარებს გამოხატვის მსგავს ფორმას, მიუხედავად იმისა, რომ იზიარებენ მის აზრს. მისი თქმით, ეს ქცევა არ შეესაბამება არხის სარედაქციო პოლიტიკას და მაღალ სტანდარტს.

გვარამიას განცხადებით, გამოხატვის მაღალი თავისუფლება, რომელსაც რუსთავი 2 ანიჭებს მასთან დასაქმებულს, ითვალისწინებს მაღალ პასუხისმებლობასაც. მისი თქმით, მომხდარს ტელევიზიის თვითრეგულირება განიხილავს.