რუსთავი 2-ის გადაცემა P.S-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აგინა. რუსულენოვან მიმართვაში მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ კვირის აქცენტების სპეციალურ ეთერში განაცხადა, რომ მომხდარი კატეორიულად დაუშვებელი და მიუღებელია.

გვარამიამ განმარტა, რომ არხი კატეგორიულად არ იზიარებს გამოხატვის მსგავს ფორმას, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, პოზიციას ეთანხმებოდნენ. მისი თქმით, ეს ქცევა არ შეესაბამება არხის სარედაქციო პოლიტიკას და მაღალ სტანდარტს.

გვარამიას განცხადებით, გამოხატვის მაღალი თავისუფლება, რომელსაც რუსთავი 2 ანიჭებს მასთან დასაქმებულს, ითვალისწინებს მაღალ პასუხისმებლობასაც. ამიტომ, მისი თქმით, მომხდარს ტელევიზიის თვითრეგულირების ორგანო განიხილავს.

გაბუნიას მიმართვა უკვე შეაფასა ეთიკის ქარტიამ. საბჭოს განცხადებით, ეს არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს ქართულ ეთიკურ მედიას, ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას, აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავი განცხადებები აღვივებს ხელისუფლების მისწრაფებებს, შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

"[ასევე] ცვლილებებისადმი საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერას, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის და სხვა საჯარო პირები თვითრეგულირების შესუსტების ინიციატივებით არაერთხელ გამოვიდნენ", — წერია განცხადებაში.