სლოვენიაში ამერიკის პირველ ლედის, მელანია ტრამპს პატივისცემის ნიშნად ძეგლი გაუხსნეს. მელანია წარმოშობით სლოვენიელია, მან ქვეყანა მოდელის კარიერის დაწყებისას დატოვა და ნიუ-იორკში 26 წლის ასაკში გადავიდა.

ადამიანის ზომის ძეგლი ხისგანაა გამოთლილი და მას ცისფერი კაბა აცვია — ისეთი, როგორიც მელანიას 2017 წელს, ქმრის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ეცვა.

ძეგლი მელანიას მშობლიურ ქალაქ სევნიცასთანაა ახლოს და პირველია, რომელიც აშშ-ს ამჟამინდელ პირველ ლედის ეძღვნება. მას მისალმების ჟესტის გამომხატველი ფორმა აქვს. თუმცა, ძეგლს სოციალურ მედიაში "საფრთხობელა" უწოდეს.

ფოტო: Jure Makovec / Getty Images

ძეგლის ავტორი ამერიკელი კონცეპტუალური არტისტი ბრედ დაუნია, რომელიც ამბობს, რომ ხის ფიგურა "ულამაზესია" და არ ესმის, რატომ ფიქრობს ხალხი, რომ ძეგლი მელანიას გარეგნულად უნდა ჰგავდეს.

ის დასძენს, რომ ადგილობრივ ხელოვანს, 39 წლის მაქსს დაუკავშირდა, რომელიც იმავე ქალაქში და იმავე წელს დაიბადა, რომელშიც მელანია. დაუნის თქმით, მან სლოვენიელი არტისტის ხედვა გამოიყენა ძეგლისთვის ადგილის შესარჩევად:

"ძეგლი მდინარესა და მთებს გადაჰყურებს და მელანია, შესაძლოა, ამ ყველაფერს ბავშვობაში ხედავდა".

ფოტო: Jure Makovec / Getty Images

"სევნიცაში ვიცით, რომ ტრამპებს კატასტროფული რეპუტაცია აქვთ. თუ ეს ძეგლი გასაშარჟებლად დადგეს, მაშინ ხელოვანს წარმატებულად უმუშავია", — ამბობს ადგილობრივი 24 წლის ნიკა, რომელიც არქიტექტურაზე სწავლობს.

ფოტო: Jure Makovec / Getty Images

"მელანია სლოვენიელი გმირია, მან ამერიკაში უმაღლეს საფეხურს მიაღწია", — ამბობს 66 წლის ადგილობრივი კატარინა და დასძენს, რომ ძეგლის იდეა ძალიან მოსწონს.

ფოტო: Jure Makovec / Getty Images