დევიდ ლინჩის საკულტო სატელევიზიო სერიალი ტვინ პიკსი თითქმის 3 ათწლეულის განშორების შემდეგ Showtime-ზე ბრუნდება. დღეს შოუს ახალი თიზერი გამოვიდა, რომელიც ამბის იდუმალებით მოცულ მესამე სეზონთან კიდევ უფრო გვაახლოებს.

თიზერში ტვინ პიკსის განუყოფელი ნაწილი, ამერიკელი კომპოზიტორი ანჯელო ბადალამენტი, იდუმალი ტყის ფონზე თვალდახუჭული უკრავს ლორა პალმერის სევდიან, ლამაზ და გამყინავ თემას.

თიზერის ბოლო წამებში კადრში შემოდის მშვენიერი ლორას ცნობილი სურათი, რომელიც შოუს პირველი და მეორე სეზონებიდან გვახსოვს.

ეს ყველაფერი ისეთი ბრწყინვალე და იდუმალებით მოცულია, როგორიც უნდა ყოფილიყო.

ტვინ პიკსის ახალ სეზონში, რომელსაც 2017 წლისთვის ველოდებით, ძველ მსახიობებთან ერთად ახალი სახეებიც გამოჩნდებიან, მათ შორის ნაომი უოტსი, ამანდა სეიფრიდი, მუსიკოსები სკაი ფერეირა, ედი ვედერი და მრავალი სხვა.

შოუს თანაშემქმნელი მარკ ფროსტი 18 ოქტომბერს ახალ წიგნს გამოსცემს, რომელსაც ტვინ პიკსის საიდუმლო ამბავი ერქმევა. ავტორი მკითხველს ქალაქის საიდუმლოებებს აუხსნის.

პიჩფორკის ცნობით, გამოვა წიგნის აუდიო ვერსიაც, რომლის ერთ-ერთი გამხმოვანებელი დეილ კუპერი, იგივე კაილ მაკლაჰენი, იქნება.