სუხიშვილების ხელმძღვანელი, ნინო სუხიშვილი რეჟისორ ლევან აკინს პასუხობს და ამბობს, რომ "სიცრუე" და "ცილისწამებაა", რომ მან ცეკვის სტუდიებს მიმართა და ფილმში [And Then We Danced] მონაწილე მოცეკვავეები დაბლოკა. ამასთან, იგი აცხადებს, რომ ისტორიულად ანსამბლში სხვა ორიენტაციის კაცი არ ჰყოლიათ. ამის შესახებ მან გამოცემა Prime Time-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

ნინო სუხიშვილი ყვება, რომ მასთან ლევან აკინი მივიდა, რომელსაც სუხიშვილების ბაზაზე სურდა ფილმის გადაღება, თუმცა, როგორც ამბობს, ამის უფლება არ მისცა.

"მე ვუთხარი, რომ ეს სუხიშვილების ბაზაზე არ გამოვა, ჯერ ერთი დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მეორე — ქართული ცეკვა არის კაცური... სიუჟეტი არაბუნებრივი მომეჩვენა, თორემ არანაირად ჰომოფობიური პოზიცია არ მქონია. ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ — კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა. ბევრი ცეკვა ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზეა. ამიტომ რეჟისორს ვკითხე, რატომ არ გინდა ქალის და მამაკაცის სიყვარულის ისტორიაზე გადაიღო-მეთქი?" — ამბობს ნინო სუხიშვილი Prime Time-თან.

გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმის და ჩვენ ვიცეკვეთ რეჟისორი, ლევან აკინი ამბობს, რომ სუხიშვილების ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა ფილმს პრობლემები შეუქმნა. ამის შესახებ მან The Guardians-თან ინტერვიუში თქვა. ლევან აკინის თქმით, ნინო სუხიშვილმა სხვა ცეკვის სტუდიებს მიმართა, ფილმიდან მოცეკვავეები დაბლოკა და მათ უთხრა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ვეღარასდროს იცეკვებდნენ.

ფილმის And Then We Danced მსოფლიო პრემიერა 16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა. ნამუშევარი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში, 25 ფილმს შორის მოხვდა და არაერთი კინოჟურნალის და კრიტიკოსის რჩეულიც გახდა.